საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანის კეთილმეზობლურ ურთიერთობასა და პარტნიორობის სხვადასხვა მიმართულებაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „სოკარის“ მიერ საქართველოში განხორციელებულ საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
აღინიშნა, რომ საქართველოს კორპორაცია „სოკართან“ ბუნებრივი აირის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რისი კიდევ ერთი შედეგია შეთანხმება, რომლითაც ქვეყანაში სოციალური გაზის ფასის ოპტიმიზაცია მოხდა.
კერძოდ, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს. სოციალური გაზით მომარაგების 2016 წლიდან მოქმედ კონტრაქტში ცვლილებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბახტაძემ და „სოკარის“ პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა პრემიერ-მინისტრთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მოაწერეს.
აღნიშნული შეთანხმების შედეგად, საქართველოს მთავრობა შეძლებს, უფრო ხანგრძლივად შეინარჩუნოს მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის ფასის სტაბილურობა.
ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი, SOCAR ENERGY GEORGIA-ის გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, SOCAR-ის პრეზიდენტი ინვესტიციებისა და მარკეტინგის მიმართულებით ელშად ნასაროვი და SOCAR-ის ინვესტიციების განყოფილების ხელმძღვანელი ვაგიფ ალიევი დაესწრნენ.