ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივითა და ხელშეწყობით, 11-12 დეკემბერს ჩატარდა ბიზნეს სტარტაპების საწვრთნელი ბანაკების, „ბუთკემპების“, მეოთხე რაუნდი, რომელიც პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ონლაინ სივრცეში გაიმართა. ბუთკემპში მონაწილეობაზე განაცხადი სამოცზე მეტმა ახალგაზრდამ შეიტანა, ხოლო ბიზნეს იდეების შერჩევის შემდეგ, სტარტაპების საწვრთნელი ბანაკის მუშაობაში 22 მონაწილე ჩაერთო.
ევროკავშირისა და UNDP-ის ახალგაზრდული ბუთკემპები გასული წლის ნოემბრიდან ტარდება. მათი მიზანია სოფლად არაფერმერული მეწარმეობის განვითარება და ადგილობრივი ახალგაზრდების ინოვაციური იდეების ხელშეწყობა.
ახალგაზრდული ბუთკემპები ხორციელდება ევროკავშირისა და UNDP-ის უფრო ფართო პროგრამის, ENPARD-3-ის ფარგლებში. ინიციატივის პარტნიორები არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო, სოციალური საწარმო „თბილისის სტარტაპ ბიურო“ და ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი.
ბუთკემპების ხელშეწყობა პანდემიის დროსაც არ შეჩერებულა. ბანაკის მონაწილეებმა ონლაინ სივრცეში განაგრძეს მუშაობა და ბევრი ბიზნეს პროექტი პრაქტიკულად გახსნამდე მიიყვანეს.
პირველმა სამმა ბუთკემპმა, რომელიც 2019 წლის ნოემბერსა და დეკემბერში და 2020 წლის ოქტომბერში გაიმართა, 110-მდე მონაწილე გააერთიანა. ბუთკემპის მსვლელობაში გაიმართა მასტერ-კლასები, ტრენინგი, ბიზნესის მოდელირებისა და პროტოტიპების შექმნის სავარჯიშოები. ამ ინტენსიური პროგრამის მონაწილეებმა ბიზნესის დაგეგმვის ყველა საფეხური გაიარეს - იდეის შექმნიდან მის განხორციელებამდე. გარდა ამისა, ინტერაქტიული სავარჯიშოების მეშვეობით, ისინი მეწარმეობის ისეთ მხარეებსაც გაეცნენ, როგორიცაა პოტენციური მომხმარებლის შესწავლა, ადგილობრივი ბაზრის შეფასება, მარკეტინგული და მედია სტრატეგიების შემუშავება და რესურსებისა და პარტნიორების გამოვლენა.
ბუთკემპების ყოველი რაუნდი საუკეთესო სამეწარმეო იდეების შერჩევით სრულდებოდა, რის შედეგადაც ოცდაოთხმა პერსპექტიულმა ბიზნეს პროექტმა უკვე მიიღო სამომავალო მხარდაჭერის პირობა და მზადაა აქტიური საქმიანობის დასაწყებად.
„ახალგაზრდობა საქართველოში სოფლის ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის მთავარი მამოძრავებელია. ახალგაზრდა მეწარმეების გაძლიერებით, ჩვენ გვჯერა, რომ ხელს შევუწყობთ მათ, გამოავლინონ ინოვაციური შესაძლებლობები და განახორციელონ ბიზნეს იდეები. ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის პრიორიტეტია. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს, როცა ყველა ვერთიანდებით პანდემიის გამოწვევების დასაძლევად“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
„ახალგაზრდული მეწარმეობა მეტი დასაქმებისა და შემოსავლის საწინდარია. გარდა ამისა, მეწარმეობა სტიმულს მისცემს სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, რომ სახლი არ მიატოვონ და თავისი ენერგია და იდეები მშობლიური რეგიონების განვითარებას მოახმარონ. საქართველოს ნამდვილად დასჭირდება მათი ახალი ინოვაციური ბიზნეს იდეები პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღსადგენად“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
საქართველო ინარჩუნებს ბიზნესის მიმართ ერთერთი ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნის რეპუტაციას და მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების 2020 წლის რეიტინგში 190 ქვეყნიდან მეშვიდე ადგილს იკავებს. თუმცა, პანდემიის ფონზე განვითარებული კრიზისის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკა თითქმის ექვს პროცენტიანი რეცესიის მოლოდინშია, ხოლო სიღარიბის დონე, სავარაუდოდ, 2.8 პროცენტით გაიზრდება, რაც ბიზნესის განვითარებაზეც უარყოფით გავლენას მოახდენს.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ქართული კომპანიების თითქმის ნახევარს შემოსავლები 50 პროცენტით და მეტით შეუმცირდა. თუმცა, ბიზნესის 70 პროცენტი კრიზისში შესაძლებლობებსაც ეძებს და მეწარმეობის ახალ გზებს იკვლევს.
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოს სოფლის განვითარების მრავალწლიანი მხარდამჭერები არიან. სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება და 2022 წლამდე გაგრძელდება, ხოლო მისი სრული ბიუჯეტი 600 მილიონ ლარს (179.5 მილიონ ევროს) შეადგენს. ამ დახმარების მიზანია სოფლის განვითარების ეფექტიანი პოლიტიკის შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობა როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე არაფერმერული ეკონომიკური საქმიანობის სფეროში.
მეტი ინფორმაცია პროგრამაზე ENPARD ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.enpard.ge