გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს 2020 წლის განმავლობაში, გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და 2021 წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა
მართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ ხელი საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ დავაბრუნეთ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე - „ელჩების კონფერენცია 2020 - საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
მთავრობის მეთაურმა დიპლომატებს 2020 წლის განმავლობაში, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ რიგში მინდა დავიწყო მადლობით. მინდა, გულწრფელად მოგახსენოთ მადლობა იმისთვის, რაც დიპლომატიურმა კორპუსმა გააკეთეთ 2020 წლის განმავლობაში, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების უფლებების და მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენი იმ მოქალაქეების, რომლებიც თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში აღმოჩნდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგი შრომობდა, ზოგი სამკურნალოდ იყო, ზოგი სწავლობდა. მართლაც აღსანიშნავია ის, თუ როგორ გაუწოდა ქართულმა დიპლომატიამ საქართველოს მოქალაქეებს ხელი და ჩვენ, პატარა ქვეყანამ, ჩვენი შეზღუდული ეკონომიკური რესურსებით როგორ დავაბრუნეთ ქვეყანაში ჩვენი მოქალაქეები. მერწმუნეთ, ეს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ დაინახა და დააფასა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უმთავრეს გამოწვევაზე - ოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე და ქართველ დიპლომატებს ამ კუთხით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ გამოწვევებით სავსე, არა დიპლომატიისთვის, არამედ საერთოდ, ადამიანის ქცევისთვის, სოციალური პოლიტიკური ცხოვრებისთვის აბსოლუტურად ახალ პირობებში, რამდენად შევძელით და შევინარჩუნეთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ოკუპაციის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი საკმაოდ მაღალ დონეზე დედაქალაქებში. უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა და მომავალშიც, ნებისმიერ გარემოში, რა გარემოშიც არ უნდა მოგვიწიოს ცხოვრება, მუშაობა, პოლიტიკის კეთება, ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იქნება უმაღლესი ხარისხის პრიორიტეტი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოში, არავის მივცეთ შესაძლებლობა, დავიწყებას მიეცეს საქართველოს ნომერ პირველი გამოწვევა - ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს ასევე მადლობა გადაუხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძის არჩევისთვის პროცესში გაწეული შრომისთვის.
„მადლობას გიხდით ბოლო არჩევნებისთვის, რომლის შედეგადაც პირველად საქართველოს ისტორიაში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. ძალიან კარგად მესმის წვლილი, რომელიც თქვენმა შრომამ შეიტანა ამ წარმატებაში და ამისთვისაც მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეფექტიანი და პრაგმატული დიპლომატია უნდა იყოს მთავარი ამოცანა 2021 წელს, რადგან ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შეიძლება პანდემია - გამოწვევა, ქვეყნისთვის შესაძლებლობად იქცეს.
„ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და ეს არის ყველა პატარა ქვეყნის შესაძლებლობა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ გავართმევთ თავს პანდემიას, იქნება ეს ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ სოციალური ცხოვრების კუთხით, არ შეიძლება არ გავიხსენოთ არჩევნები, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არის ის სასტარტო პირობები, რომელიც მისცემს შესაძლებლობას საქართველოს, პატარა კონკურენტული უპირატესობა მოიპოვოს იმ პოსტპანდემიურ გლობალურ კონკურენციაშიც, რომლის მოწმეებიც ჩვენ სულ მალე გავხდებით. მოგეხსენებათ, ვაქცინა შესაძლებელი გახდება და გლობალური კონკურენცია იქნება აბსოლუტურად სხვანაირი. ისევე როგორც მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე, გლობალური კონკურენციაც იქნება აბსოლუტურად სხვანაირი და ჩვენი ამოცანაა, შევძლოთ პატარა უპირატესობა მოვუპოვოთ ჩვენს ქვეყანას პოსტპანდემიური გლობალური კონკურენციის პირობებში, როგორ შეძლოს და მიაღწიოს მეტ შედეგებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ისტორიულ მიზანზე - ევროკავშირში ინტეგრაციაზე და აღნიშნა, რომ ამ წლის და საერთოდ 4-წლიანი საარჩევნო ციკლის ამოცანა იქნება, როგორ მოემზადოს ქვეყანა მისი ისტორიული მიზნის, ისტორიული ოცნების განსახორციელებლად - შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე განაცხადის გაკეთება.
„ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იმ ყველაფრის შემდგომ, რასაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ეს ის ნაბიჯია, რომელსაც ჩვენი თითოეული მოქალაქე ელოდება, ეს ის მიზანია, რომლისთვისაც ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ. ამიტომ, თქვენს 2021 წლის სამუშაო გეგმაში ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავება იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა განზომილებაში, მათ შორის, ფიზიკურ განზომილებაშიც დავაახლოოთ საქართველო ევროპასთან - ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველა მიმართულებით - ეკონომიკა, ბიზნესი, კულტურა, განათლება, სულ უფრო და უფრო უნდა დავაახლოოთ სტანდარტები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შემდგომი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა უკვე იყოს მზად, ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მიზანი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა და შედეგად თავდაცვის სფეროში მიღწეული ხელშესახები პროგრესი.
„რა თქმა უნდა, ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი. საერთოდ, თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული თავდაცვის ძალებიც. ისინი უბრალოდ ხედავენ, რამხელა პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ეკონომიკური დიპლომატიის მნიშვნელობა და განაცხადა, რომ ეს არის ქვეყნისთვის აუცილებელი დახმარება, რომელიც ქართულმა დიპლომატიურმა კორპუსმა ქვეყანას განსაკუთრებით პოსტპანდემიური ეკონომიკური აღდგენის პირობებში უნდა გაუწიოს.
„ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს არ არის მხოლოდ ტურიზმი ან მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. უბრალოდ, გლობალური კონკურენცია იქნება სხვაგვარი, გლობალური ეკონომიკა იქნება სხვაგვარი და უნდა ვეცადოთ, თითოეულმა ჩვენგანმა დავინახოთ შესაძლებლობები, რომელიც შეიძლება მოულოდნელ სფეროებში, ან მოულოდნელ დედაქალაქებში გაიხსნას ქვეყნისთვის და ამას ძალზედ დიდი მნიშვნელობა ექნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი მნიშვნელობა ექნება მომავლისთვის იმ რეგიონულ ცვლილებებს და რეგიონულ განვითარებას, რომლის მოწმეც ყველა გახდა და საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა.
პრემიერმა ქართველ დიპლომატებს ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენს დიპლომატიას აქაც მადლობა უნდა გადავუხადოთ. საქართველომ შეძლო ამ ურთულეს პროცესებში ნეიტრალური პოზიციის დაცვა, რამეთუ მოგეხსენებათ, კეთილმეზობლური ურთიერთობები სამხრეთ კავკასიაში ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი ჩვენი ქვეყნისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ ნეიტრალიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრი ასევე გამოეხმაურა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მმართველმა ძალამ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში, პოლიტიკურ პროცესში მეტი პლურალიზმი ყოფილიყო, საქართველოს მეტი მოქალაქის ხმა ყოფილიყო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში და მეტი ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო.
„სწორედ ამისკენ იყო მიმართული საარჩევნო რეფორმა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ პროპორციული სისტემა, საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, ნიშნავს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, შესაძლო ახალგაზრდა პოლიტიკური ძალებისთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლის გამარტივებას. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ცოტა სხვა შედეგი მივიღეთ. უნდა გვესმოდეს, რომ დემოკრატიზაციის პროცესი არის საკმაოდ რთული. მიზანი და გენერალური ხაზი, რა თქმა უნდა, იყო სწორი, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა უფრო მეტი მუშაობა მოგვიწევს. სწორედ ამისთვის არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომელიც ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ შეძლო, ეს შეძლო „ქართულმა ოცნებამ“, როდესაც დათანხმდა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას. ქართული დემოკრატიისთვის, გრძელვადიან, თუნდაც საშუალოვადიან პერპსექტივაში, ის საარჩევნო ცვლილებები, რომელიც იყო მიღებული და ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა, რა თქმა უნდა, არის პროგრესი. ხაზგასმით აღვნიშნავ, პანდემიის პირობებში, დაახლოებით 2 მლნ მოქალაქე, სრული პასუხისმგებლობით მივიდა საარჩევნო ყუთთან და მისცა ხმა, შედეგად ჩვენ მივიღეთ პარლამენტი, სადაც გვყავს 9 პოლიტიკური ძალა, პირველად, ქვეყნის ისტორიაში და მივიღეთ პარლამენტი, რომლის დიდი ნაწილიც არის არჩეული პროპორციული სისტემით“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, ეს არის დემოკრატიული პროცესის პროგრესი, რომელსაც არსებული პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს მიღწევა იყოს შენარჩუნებული, იმიტომ, რომ პოლარიზაციის ის ხარისხი, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, სამწუხაროდ, სწორედ ამ მიღწევას უქმნის რისკს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა დიალოგის პროცესში ჩართულ საერთაშორისო პარტნიორებს - ფასილიტატორ ელჩებს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ამ პოლარიზაციის პრობლემის მოგვარებაში, როგორც ფასილიტატორები, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ. ბუნებრივია, როდესაც ამ პროცესში პირდაპირ არის ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები, ეს ყველაფერი ჩვენს თითოეულ მოქალაქეს პირდაპირ აჩვენებს, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესს და რა დონის მხარდაჭერა აქვს დღეს ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ეს კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა შედეგებს მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში თქვენი დამსახურებით. რა თქმა უნდა, დღეს, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, საქართველოს მხარდაჭერა არის ისეთი, როგორიც წლების განმავლობაში არ ყოფილა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მხარდაჭერის ეს დონე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, რომელშიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები მონაწილეობენ, 21-23 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში იმართება. კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გახსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2020 წლის საქმიანობას შეაჯამებენ და 2021 წლის სამოქმედო გეგმას განიხილავენ.
იხილეთ ვიდეო