ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მიღებულია

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მიღებულია

  • 2020-12-30 22:20:29

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე და ქალაქის განვითარებაზეა ორიენტირებული.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მიღებულია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 37-ე სხდომაზე ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი იქნა დამტკიცებული. სხდომას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქალაქის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ბიუჯეტი ორიენტირებულია მოქალაქეთა სოციალურ დაცვაზე, ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, განათლების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე. მნიშვნელოვნად გაიზარდა თითოეული ამ მიმართულების დაფინანსება.

მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის 4 241 400 ლარი იქნა განსაზღვრული, მაშინ როცა 2020 წელს ეს თანხა 3 946 400 ლარი იყო.

მოიმატა ჯანდაცვის დაფინანსებამაც - 1 393 300 ლარით დაფინანსდება, ნაცვლად 1 240 000 ლარისა.

გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო პროგრამის დაფინანსებაც- 174 ბენეფიციარის რეაბილიტაციისთვის 727 300 ლარია გამოყოფილი, რაც 177 ათასი ლარით მეტია 2020 წელთან შედარებით.

10 მილიონზე მეტი ლარია გათვლილი ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, რომელსაც, მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოსვლის შემდეგ, კიდევ 12 მილიონი ლარი დაემატება. პანდემიის გამო შექმნილი ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, ბიუჯეტში გაჩნდა ახალი ქვეპროგრამა , რომლის თანახმადაც, 40 000 ლარი გამოიყოფა ონლაინ სწავლების უზრუნველსაყოფად, იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, რომლებთაც არა აქვთ ინტერნეტთან შეუზღუდავი წვდომა.

შეიქმნა კოვიდ19-თან ბრძოლის საგანგებო ფონდი, რომლის საწყისი კაპიტალი 200 ათასი ლარია.

„ განსაკუთრებულად საპასუხისმგებლო იყო წელს ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე მუშაობა. მოხარული ვარ, რომ შევძელით და უმნიშვნელოვანესი მიმართულებებით გავზარდეთ დაფინანსება. ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მათთვის ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნასა და ქალაქის განვითარებაზეა ორინეტირებული. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია, პანდემიის გამო შექმნილი სირთულეები და გამოწვევებიც. იმედი მაქვს, 2021 წელი ქუთაისისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება მშვიდობიანი, წინსვლისა და წარმატებების წელი“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ინფორმაციას ავრცელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები