საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი

საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგი

  • 2020-11-06 15:55:20

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა - ეკატერინე ტიკარაძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ - პაატა იმნაძემ ბრიფირნგი გამართეს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალოდ 68 კლინიკაში 5 116 საწოლია მობილიზებული და ამ ეტაპზე სულ 7 267 ათასი საწოლის მობილიზების რესურსი არსებობს. ამასთან, მისი თქმით, საყურადღებოდ რჩება სამედიცინო პერსონალის მობილიზება.

,,ყველაზე კრიტიკული სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა. ჩვენ გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც საკმაოდ გვეხმარება პაციენტების მართვაში, ესენი არიან ჩვენი სტუდენტები, აღსანიშნავია, რომ გადამზადებაში კოვიდის მიმართულებაში ჯანდაცვის სამინისტროს განათლების სამინისტრო დაეხმარება, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, რომელთაც მოხალისედ გამოხატეს მზაობა და ჩაერთნენ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ისინი გადანაწილებული არიან როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან ჩართული იმ ორი ონლაინ კლინიკის შემთხვევების მართვაში, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტროს ფრთის ქვეშ შეიქმნა “,- განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით დაავადებული პაციენტების მართვის პროცესში პენსიონერი ექიმების ჩართვას გეგმავს. მისივე განმარტებით, პენსიონერი ექიმები აღნიშნულთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამენ და შესაბამისად სახელმწიფო აქტიურად გამოიყენებს მათ რესუსრსს.

კუთხვაზე თუ სად შეიძლება მოხდეს პენსიონერი ექიმების დასაქმება,  ამირან გამყრელიძემ აღნიშნა,  რომ ასაკიანი ექიმები ვერ იმუშავენ რეანიმაციულ განყოფილებებსა და ჰოსპიტლებში, თუმცა მათი დახმარება სასარგებლო იქნება კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში შესაძლოა, სტომატოლოგებიც ჩაერთონ.  

მისი თქმით, ამ პროფესიის ადამიანებს შესაბამისი განათლება აქვთ და შეიძლება მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროცესში.

გამყრელიძის განცხადებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების 74% სიმპტომიანია.

,,საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულდება. ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 74%, ანუ 2056 სიმპტომიანი გახლავთ. ერთის მხრივ კარგია, რომ სიმპტომიანი პაციენტები აქტიურად მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში გამოსავლენად, რადგან დროულად ხდება გამოვლენა და იზოლირება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, ვისთვის უნდა იყოს გრიპის ვაქცინაცია უფასო.

როგორც გამყრელიძე აცხადებს, სახელმწიფოსგან ფინანსდება და უფასოა მხოლოდ რისკჯგუფთა ვაქცინაცია, სხვა შემთხვევაში კი კერძო კლინიკებს შეუძლიათ დადგენილი ტარიფით აიღონ აცრის თანხა.

ამასთანავე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით წერტილოვანი შეზღუდვების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა.

„ეპიდემიის განვითარების ამ ფონზე, ევროპის ყველა ქვეყანამ დააწესა გარკვეული, ზოგან ძალიან მკაცრი, ზოგან შედარებით რბილი, წერტილოვანი შეზღუდვები. ამიტომ, ჩვენც მივდევთ წერტილოვანი შეზღუდვების ამ ტაქტიკას, განსხვავებით გაზაფხულისა, როდესაც იყო სრული ე.წ ლოკდაუნები. კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა წერტილოვანი შეზღუდვების დაწესების, რაზეც იმსჯელა დღეს კიდევ ერთხელ საკოორდინაციო საბჭომ და ვფიქრობ, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები“,- განაცხადა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები, რომელიც ქვეყანაში თითო-ოროლაა, გაიზრდება, თუ მოსახლეობა რეკომენდაციებს არ დაიცავს.

,,დანის პირზე გვიწევს სიარული, შეზღუდვები იყოს ისე, რომ თან ქვეყანაში ეკონომიკა ფუნქციონირებდეს. რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში კორონავირუსი გავრცელდება მართვადი იქნება“- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

 

🎬 იხილეთ ვიდეო

 

მსგავსი პოსტები