COVID-19 - ის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები დროებით შეწყდა

COVID-19 - ის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები დროებით შეწყდა

  • 2020-01-29 20:30:12

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები მიმდინარე წლის 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა.
 
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილებისა და შესაძლო გავრცელების შემთხვევაში ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება (N164) გამოსცა და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
 
განკარგულების თანახმად, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.
 
მთავრობის მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და ასევე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე.
 
გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში კომპეტენციის ფარგლებში ჩართულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.
 
აღსანიშნავია, რომ სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საზოგადოების და მედიის სწორად ინფორმირების უზრუნველყოფასაც, რისთვისაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეთხოვა კორონავირუსის და მისი ზემოქმედების რისკის შემცირების შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ზუსტი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

მსგავსი პოსტები