ზესტაფონში, ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ზესტაფონში, ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

  • 2021-01-20 16:14:03

ზესტაფონში, ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა და მიმდინარე პროცესს გაეცნო.

ცენტრალურ ქუჩაზე ამ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

აღმაშენებლის ქუჩის სრული რეაბილიტაციის პროექტი, სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზების გამო შეფერხდა. კერძოდ, ერთ - ერთ მონაკვეთზე, მიწისქვეშა გრუნტის წყალი ამოვიდა, ასევე გაჭედილი იყო რკინიგზის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე სისტემა, რომელიც არ ატარებდა წყალს. უახლოეს დღეებში მოხდება მისი გაწმენდა სპეციალური ტექნიკით და ასევე მოეწყობა ახალი საკანალიზაციო ქსელი. აღნიშნულის გათვალისწინებით პროექტში ცვლილებები შევიდა.

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, სრულიად განახლებული, ცენტრალური ქუჩის მოწყობას ითვალისწინებს, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების გათვალისწინებით. აღნიშნულ ქუჩაზე სრულიად განახლდება საავტომობილო გზის მონაკვეთი, დამონტაჟდება გარე განათებები, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები, მოწესრიგდება რკინიგზის მიმდებარედ არსებული კედლის ფასადი.

პროექტის ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია. სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სრულიად განახლდება ქალაქის ცენტრალური მაგისტრალის ინფრასტრუქტურა, რაც ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბური პროექტი იქნება ქალაქისთვის.

მსგავსი პოსტები