რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა მოვლისა და მათი პოპულაციის მართვის ახალ მიდგომებზე მუშაობა მიმდინარეობს

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა მოვლისა და მათი პოპულაციის მართვის ახალ მიდგომებზე მუშაობა მიმდინარეობს

  • 2021-01-20 16:33:24

რუსთავში მიუსაფარ ცხოველთა მოვლისა და მათი პოპულაციის მართვის ახალ მიდგომებზე მუშაობა მიმდინარეობს.

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქის მერის მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან ერთად, მიუსაფარ ცხოველთა დროებითი თავშესაფარი დაათვალიერა და მისი მუშაობის პროცესს გაეცნო.

მაჟორიტარმა დეპუტატმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ქალაქში მიუსაფარ ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის შესახებ.

როგორც ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, რუსთავში მოქალაქეებთან შეხვედრებისას ერთ-ერთ პრობლემად, მიუსაფარი ძაღლების დიდი რაოდენობა გამოიკვეთა.

,,მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ცხოველთა დროებითი თავშესაფარში არსებული ინფრასტრუქტურა დავათვალიერე, ვაპირებ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსთავში მუშაობენ ცხოველთა უფლებების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მუნიციპალიტეტი ძალიან მალე გადადგამს კიდევ უფრო ქმედით ნაბიჯებს, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო და ცხოველთა უფლებებიც იყოს რა თქმა უნდა დაცული“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

შეხვედრას, საკრებულოს წევრები, ააიპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ დირქტორი რევაზ გოგიძე და თავშესაფრის თანაშრომლები დაესწრნენ.

რუსთავის მერის პირველი მოადგილის, ბესიკ ტოგონიძის განცხადებით, უპატრონო ცხოველების პრობლემის მოგვარება, კომპლექსურად და ჰუმანური მიდგომებით მოხდება.

,,ქალაქში უპატრონო ცხოველების პრობლემა არის. ჩვენ ვგეგმავთ, უფრო კომპლექსურად მივუდგეთ ამ საკითხს და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით, მოვაწესრიგოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, დავამატოთ კვალიფიციური კადრები. ბუნებრივია საკითხის მოგვარება მოხდება ცხოველებისადმი ჰუმანური მიდგომებით“, - განაცხადა ბესიკ ტოგონიძემ.

მიუსაფარ ცხოველთა დროებითი თავშესაფარი, რუსთავში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და მუნიციპალური სამსახურის- ა(ა)იპ „რუსთავსერვის ცენტრის" ბაზაზე ფუნქციონირებს.

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული, ჰუმანური მეთოდების გამოყენებით ეწევა ცხოველთა ვეტერინარულ მონიტორინგს.

შექმნილია ლაბორატორია, შესაბამისი აღჭურვილობით, მოწყობილია ვოლიერები ცხოველთა დროებითი იზოლაციისათვის. ხდება ჯანმრთელი და არააგრესიული ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია, ანტიბაქტერიული ვაქცინაცია, ცხოველთა იდენტიფიკაცია და დანომვრა სპეციალური საყურე ნიშნით.

სამსახური, სუბსიდიის ფარგლებში, ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი პოსტები