რუსთავში, მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

რუსთავში, მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

  • 2021-01-21 16:38:04

რუსთავში, მოსახლეობის მიერ დაკავებული ფართების დაკანონების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

მოქალაქეებს, რომლებსაც სხვადასხვა შენობა-ნაგებობებში ფართები საკუთრების მოწმობების გარეშე აქვთ დაკავებული, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, ბინები საკუთრებაში გადაეცემათ.

დაკავებული ფართების საკუთრებაში გადაცემას ელოდება რუსთავის ყოფილი მე-13 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრები 11 ოჯახიც, რომლებსაც დღეს საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრას, რუსთავის მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ნინო სოსელია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

,,ჩვენ ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს იმ საკითხებზე, რაც მათ განსაკუთრებით აწუხებთ და საცხოვრებელი სახლების დაკანონების საკითხი სწორედ ასეთია. ყოფილი მე-13 ბაგა-ბაღის შენობა, სადაც 11 ოჯახი ცხოვრობს, მუნიციპალურ ბალანსზეა. ჩვენ ეკონომიკის სამინისტროსთანაც გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები, რომ მათ ბალანსზე არსებული ანალოგიური ფართების დაკანონებაც მოხდეს. ასევე, აქტიურად გვაქვს შეხვედრები რუსთავის მერიასთან და საკრებულოსთან, იმისთვის, რომ მუნიციპალურ ბალანსზე არსებული ფართების დაკანონების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს აღნიშნული ქონება უახლოეს მომავალში გადაეცემათ საკუთრებაში“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ყოფილი მე-13 ბაგა-ბაღის შენობის მიმდებარე ინფრასტრუქტურა, ქალაქის მერიამ უკვე მოაწესრიგა, დასრულებულია შენობის გადახურვის სამუშაოც.

საკუთრების მოწმობები, ანალოგიური პრობლემის მქონე 102 ბენეფიციარზე უკვე გაცემულია, დაწყებულია პროცესი 85 ოჯახის განაცხადის დასაკმაყოფილებლად. მოკვლევის ეტაპზეა 850-მდე ბენეფიციარის საკითხი.

მსგავსი პოსტები