პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებზე, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, დაწესებული შეზღუდვების შედეგებსა და ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფის სუბსიდირებაზე ბრიფინგზე ისაუბრა
2020 წელი დასასრულს უახლოვდება; მძიმე წელი, გლობალურად და ქვეყნისთვისაც. დღეს იყო უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა და წელს, შესაძლოა, ერთ-ერთი ბოლო, ამიტომ, მინდა ორიოდე სიტყვით ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, მიზნობრივ შეზღუდვებზე და ამ შეზღუდვების შედეგებზე ვისაუბროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სულ რაღაც ერთი თვის წინ, საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჰქონდა და კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად დღეს უკვე გარკვეული შედეგები სახეზეა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მარტო შეზღუდვებზე არ არის საუბარი. ეს შეზღუდვები ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა შეასრულონ. დღეს თუ ჩვენ გვაქვს პირბადის ტარება 70 პროცენტი, საერთაშორისო გამზომი ორგანიზაციების შეფასებით, ეს ჩვენი მოქალაქეების დამსახურებაა და ჩვენ მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. ჩვენ მაქსიმალურ ციფრებს მივაღწიეთ ნოემბრის მეორე ნახევარში-დეკემბრის დასაწყისში, როდესაც დღეში გვქონდა ინფიცირების 5 000 შემთხვევა, თუმცა დღეს ეს ციფრი 2012-ია და ეს ჩვენი ერთობლივი მიღწევაა. როდესაც დღეს ჰოსპიტალურ სისტემაში 2000 თავისუფალი ადგილი გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჰოსპიტალური და ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მდგრადია და შეუძლია, კიდევ უფრო დიდ გამოწვევებს უპასუხოს, მაგრამ არის რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა შევასრულოთ. ეს არის მარტივი წესების დაცვა, პირბადის ტარება. რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტი, მით უფრო დაბალია გავრცელება. კიდევ უფრო მარტივად ავხსნი - რაც უფრო მაღალია პირბადის ტარების პროცენტული მაჩვენებელი, მით უფრო მეტ სამუშაო ადგილს შევინარჩუნებთ და სწრაფად აღდგება ჩვენი ეკონომიკა. რაც უფრო მეტი ტესტირება გაკეთდება, მით უფრო სწრაფი იქნება გამოვლენა და შესაბამისად, მკურნალობა. საბოლოო ჯამში - რაც უფრო სწრაფად გვექნება ქვეყანაში ვაქცინა, მით უფრო სწრაფად დავამარცხებთ ამ ეპიდემიას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ქვეყანაში არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად გაკეთდეს 20 ათასი ტესტი, მიუხედავად ამისა, მიმართვიანობა საკმაოდ დაბალია.
მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს მოუწოდა, არა მხოლოდ მათ, ვისაც ამის საჭიროება აქვს, არამედ ყველამ, მარტივი სიმპტომების პირობებშიც კი, გაიკეთოს ტესტი, რათა გადააზღვიონ როგორც საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები, ასევე მიეხმარონ ქვეყანას, მზად იყოს სწრაფი ეკონომიკური აღდგენისთვის.
გიორგი გახარიას შეფასებით, საქართველო ცალკე აღებული ვერ დაამარცხებს პანდემიას, ვინაიდან ეს არის გლობალური გამოწვევა, თუმცა აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისზე ერთობლივი გამარჯვებაც.
„აქ ძალიან მნიშვნელოვანია რამდენიმე ელემენტი - მარტივი წესების შესრულება, უნდა ვატაროთ პირბადე მაქსიმალურად ყველგან, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სწრაფად აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. განსაკუთრებით რეგიონებში, მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ ტესტირების რაოდენობა და ჩვენ ამისთვის მზად ვართ; ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და მაღალი რისკის მატარებელ ადამიანებს, ეს არის ჩვენი ყველას მიზანი. საბოლოო ჯამში პანდემიაზე გამარჯვება ცალკე აღებული ვერ იქნება ქვეყნის წარმატების გარანტია. ქვეყნის წარმატების გარანტია იქნება პანდემიის დამარცხება და ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავება. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პანდემია ისე, რომ მინიმალური ზიანი მივაყენოთ ქვეყნის ეკონომიკას და შევუნარჩუნოთ სწრაფი აღდგენის პოტენციალი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა იქნება.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე, რომელსაც სახელმწიფო, ბოლო 1 წლის განმავლობაში ახორციელებდა.
„ბოლო შეზღუდვების შემდეგ, შეზღუდვების დასაბალანსებლად, ჩვენ გამოვაცხადეთ ერთჯერადი მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა იმ ადამიანებისთვის და კონკრეტულად იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ეს შეზღუდვები შეეხო. ეს გახლავთ სავაჭრო ქსელები, ბაზრობები და ა.შ. დღეის მდგომარეობით, 130 000-ზე მეტი განაცხადია შემოსული ერთჯერად 300-ლარიან დახმარებაზე, საიდანაც დიდი ნაწილი, 110 000-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია და რა თქმა უნდა, წლის ბოლომდე, ყველა დაკმაყოფილდება. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ეპიდემიას ეკონომიკაზე, რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის დაკარგულ სამუშაო ადგილს და რამდენად მნიშვნელოვანი ამოცანაა მთავრობისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საქართველოს ელექტროენერგიის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომის შესახებ, რომლის შედეგადაც, როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე საექსპერტო საზოგადოება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდას ელოდება.
„ამას თავისი ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს. მოგეხსენებათ, 2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა, მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი. ამიტომ ყველას კარგად გვესმის, რომ მოსალოდნელია ტარიფის ზრდა ელექტროენერგიაზე, ისევე როგორც წყალზე, ოღონდ წყლის შემთხვევაში საუბარია თბილისზე, რუსთავსა და მცხეთაზე. ჩვენ, როდესაც ერთის მხრივ ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ოჯახებს სოციალურ მიზნობრივ დახმარებას ვუწევთ, ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე დავიწყეთ კომუნალური გადასახადის სუბსიდირება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ეს ეხებოდა ელექტრო ენერგიას, გაზს, წყალს, ეს იყო 4 თვის განმავლობაში მაშინ და ასეთი სუბსიდირება დღესაც მიმდინარეობს, რომელიც დაიწყო ნოემბრიდან. ეს სუბსიდირება შეეხო საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს 1.2 მლნ ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია და როდესაც თუნდაც ობიექტური მიზეზების გამო ხდება ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის არის შემდგომი ახალი გამოწვევა, რომელსაც ხელისუფლებამ და საქართველოს მთავრობამ რა თქმა უნდა უნდა უპასუხოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ტარიფის ზრდა რა სიდიდით მოხდება, რემეთუ ეს არის კომისიის კომპეტენცია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ თემაზე გუნდში, ხელისუფლებაში, პარლამენტის წარმომადგენლების ჩართულობით, შედგა მსჯელობა და მიღებულია ამ მომენტისთვის ერთადერთი შესაძლებელი და გამართლებული გადაწყვეტილება - 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ.
გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მთავრობა სხვაობას ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს სემეკი, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის.
„საქართველოში არის სულ 1.7 მილიონი აბონენტი, საიდანაც 1.6 მილიონი აბონენტი მოიხმარს 300 კვტ/სთ-ზე ნაკლებ ელექტროენერგიას. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ოჯახების 95%-ისთვის ელექტროენერგიაზე ნაზარდი ფასი სრულად იქნება სუბსიდირებული. ჩვენ ამას ვაკეთებთ პირველ რიგში იმისთვის, რომ მძიმე კრიზისულ წელს, 2021 წელს, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს და მათ ოჯახებს ექნებათ კიდევ სხვა საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური გამოწვევები, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა მათთვის დამატებითი გამოწვევა არ გახდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, წყალმომარაგების ტარიფსაც, რომელიც თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, ასევე, როგორც ჩანს, გაიზრდება, რამეთუ ისიც წლების განმავლობაში არ გადახედილა, სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არა მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და არსებობს გაზრდილი ტარიფის გადაცემის რისკი მომხმარებლისთვის საბოლოო პროდუქტის ფასზე. ამ მიზნით, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის საკვები პროდუქტების პირველად ადგილობრივ წარმოებაში, 2021 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის, ნაზარდი ტარიფის 50%.
„ეს არის ის მინიმუმი, რომელიც ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, დარწმუნებული იყოს, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებული პროდუქტის საბოლოო ფასზე არ აისახება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ მივიღეთ ბოლო დღეების განმავლობაში გუნდთან, გუნდში დიდი დისკუსიების შედეგად. მოგეხსენებათ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს სოციალურად ზედმეტ წნეხად არ დააწვეს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა და მეორე, ადგილობრივ წარმოებას, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც პირველადი მოხმარების ნებისმიერი სახის საკვებ პროდუქტს აწარმოებენ და ტარიფის ზრდა არ აისახოს საბოლოოდ წარმოებულ პროდუქტზე, რაც რა თქმა უნდა ასევე იქნება ზეწოლა ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ გადასახადებზე. რა თქმა უნდა, კონკრეტული ციფრები, რა რაოდენობით თანხა იქნება გამოსაყოფი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ნათელი იქნება ამის შემდგომ, რაც დღეს სემეკი საბოლოო ტარიფებს დაადგენს. მოგეხსენებათ, პარალელურად დღეს პარლამენტში იწყება ბიუჯეტზე მსჯელობა და ჩვენ, პარლამენტარებთან ერთად, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილებები აისახოს საქართველოს ბიუჯეტში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.