ქუთაისის ბიუჯეტი 15 მლნ ლარით გაიზარდა

ქუთაისის ბიუჯეტი 15 მლნ ლარით გაიზარდა

  • 2021-01-27 21:42:21

ქუთაისის ბიუჯეტი 15 მლნ ლარით გაიზარდა.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 38-ე სხდომა გამართა, რომელსაც ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.

სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შენგელიას წარდგინებით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნა ექიმი თეიმურაზ ნადირაძე.

საკრებულოს დღის წესრიგის მიხედვით, განიხილეს და დაამტკიცეს ქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები.

ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის N2685 განკარგულების საფუძველზე. კერძოდ, ქუთაისის მუნიციპალიტეტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოეყო 8 051 600 ლარი. ამასთან, გადანაწილდა ხაზინის ერთიან ანგარიშზე 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებული ნაშთი . შესაბამისად, გაიზარდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში პროგრამული კოდებისა და შემოსავლების ნაწილი.

„15 მილიონი ლარით გაიზარდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი, რაც საწყისი ბიუჯეტის დაახლოებით 25 %- ს წარმოადგენს. ამ თანხაში იგულისხმება ის 8 მილიონი ლარი, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად და ის ნაშთიც, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე სხვადასხვა პროექტების და პროგრამების - სოციალური, საგანმანათლებლო, კოვიდთან ბრძოლის - დასაფინანსებლად. შესაბამისად, ბიუჯეტში შევიდა გარკვეული ცვლილებები, რადგან ამ თანხებმა საშუალება მოგვცა გაგვეზარდა ცალკეული პროექტების დაფინანსება“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საკრებულოს სხდომაზე, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021 – 2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტებიც განიხილეს.

მსგავსი პოსტები