საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა შედგა

  • 2021-01-27 20:27:49

„არასასურსათო ვაჭრობა, ქსელური მაღაზიები და მოლები ის სექტორია, რომელსაც ჩვენ ყველაზე პირველებს ვხსნით. ეს ორმა გარემოებამ განაპირობა: პირველი - წინასაახალწლო დღეებში ჩვენ დავაკვირდით და მათ საკმაოდ მკაცრი მონიტორინგის ქვეშ თავადაც გამოიჩინეს მაღალი პასუხისმგებლობა და კარგად ჩააბარეს ეს გამოცდა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში სავაჭრო ქსელებმა ორ მილიონამდე ადამიანი გაატარეს, ამის გამო ჩვენ ეპიდაფეთქება არ გვქონია. მეორე გარემოება ის არის, რომ ვაჭრობა წარმოადგენს ადამიანების პირველად საჭიროებას, თუნდაც არასასურსათო ვაჭრობა, აქედან გამომდინარე, ეს ბიზნესი რიგში პირველია“, - განაცხადა ნათია თურნავამ სავაჭრო ცენტრებისა და არასასურსათო მაღაზიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ ღონისძიებებს, რომლებიც, ვირუსის პრევენციის მიზნით, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით შემუშავდა, რათა დაცვის მექანიზმებისა და დამატებითი კომპონენტების გათვალისწინებით, ბიზნესმა გახსნის ეტაპზე კოვიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს. ამ მიზნით, ბიზნესს ექნება ვალდებულება, სხვა რეგულაციებთან ერთად, როგორიც არის რიგების მართვა და მაღაზიაში ერთდროულად მომხმარებელთა დაშვების კონტროლი, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე. კერძოდ, ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება. ბიზნესს აქვს საშუალება, დარეგისტრირდეს სპეციალურ პორტალზე - www.labour.moh.gov.ge და ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 1-ელ მარტამდე, სახელმწიფო დაფინანსებით, უფასოდ გატესტოს თანამშრომლები.

არასასურსათო ვაჭრობის სექტორის წარმომადგენლებმა მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრეს. მსჯელობის შედეგად, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არასასურსათო ვაჭრობის სექტორის ოპერირების წესში არსებული შეზღუდვები ნაწილობრივ შემსუბუქდება, კერძოდ, 1-ლი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ამასთან, დასაშვები ხდება გასახდელების ფუნქციონირება. გარკვეული შემსუბუქება გავრცელდება სავაჭრო სივრცის ერთ კვადრატულ მეტრზე მომხმარებელთა დაშვების მიმართულებითაც.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრა კონსტრუქციულად და პოზიტიურად შეაფასა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რა რეჟიმში გაიხსნებიან. ჩვენი მხრიდანაც იქნება კიდევ დამატებით დახმარება. თუმცა, ჯერჯერობით კვლავაც დარჩება შაბათ-კვირის შეზღუდვა და შემდეგ ყველა ერთად დავაკვირდებით ე.წ. დადებითობის მაჩვენებელს. ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ეტაპობრიობა და ფრთხილი ნაბიჯები იმის გარანტიაა, რომ ერთი თვის თავზე ჩვენ ისევ არ მოგვიწევს რომელიმე სფეროს დაკეტვა - მაღაზიის, მოლის, ბაზრობის და სხვ. ყველას სურს, რომ მაღაზიების საქმიანობა იმავე რეჟიმში აღდგეს, რაც იყო პანდემიამდე, მაგრამ ეს ელემენტარული მიზეზის გამო შეუძლებელია, რადგან პანდემია ჯერ არ დამარცხებულა,“ - განაცხადა მინისტრმა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო კვეტენაძე.

ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება. მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, ისევე, როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატი, მუდმივად ჩართულია ბიზნესთან უშუალო სამუშაო პროცესში.

მსგავსი პოსტები