საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დღეს ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დღეს ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა

  • 2021-01-31 16:05:57

საქართველოსა და იაპონიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, დღეს ორი მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა.

საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს.

ფინანსთა სამინისტრომ იაპონიასთან „შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ“ შეთანხმების განახლების თაობაზე მოლაპარაკებები გასული წლის ივნისში დაიწყო.

მნიშვნელოვანია, რომ „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენციამ ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება და ამიერიდან იაპონიასთან საქართველოს ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ახალ სამართლებრივ ჩარჩო-დოკუმენტზეა დაფუძნებული.

ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება ძალაშია 56 ქვეყანასთან.

დღეს ასევე გაფორმდა საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმება. დოკუმენტს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მოაწერეს.

შეთანხმება ითვალისწინებს სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შემოღებას ორივე ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების მიმართ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის კერძო კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტიან განვითარებასა და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

იაპონია წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყანას საქართველოსთვის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება იაპონიიდან განხორციელებულ ინვესტიციებს.

იაპონური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში უკვე 26 კომპანია ფუნქციონირებს. 2020 წლის 3 კვარტალის მონაცემებით, იაპონიიდან საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციამ შეადგინა 15.4 მლნ აშშ დოლარი, საიდანაც ძირითად საინვესტიციო სექტორს ენერგეტიკა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის გაზაფხულზე, იაპონურმა ენერგოგიგანტმა, კომპანია TEPCO Renewable Power-მა (TEPCO RP) ინვესტიცია განახორციელა საქართველოს ენერგოსისტემაში და ერთ-ერთ უმსხვილეს პროექტში 31.4% წილი შეიძინა. გასათვალისწინებელია, რომ TEPCO RP-მა საქართველოში ინვესტირება ხელსაყრელი ბიზნეს- და ენერგეტიკული პოლიტიკის გამო გადაწყვიტა.

მსგავსი პოსტები