პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება

პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება

  • 2021-02-16 15:01:13

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. როგორც „იმედინიუსს“ კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ლადო კახაძემ განუცხადა, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა იზრდება.

კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას 20 ლარის ოდენობით პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის.

ამასთანავე, კანონპროექტით დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა - ჯარიმა 50 ლარის ოდენობით, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევისათვის.

ახალი კანონის ამოქმედებამდე, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა 20 ლარით დაჯარიმებას იწვევს.

კანონპროექტში ასევე მითითებულია, რომ პირბადის ტარების აღნიშნულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ზაზა ლომინაძე, რამინა ბერაძე და ვლადიმერ კახაძე.

 

წყარო : imedinews.ge

მსგავსი პოსტები