გიორგი გახარია: მეოთხე ფაზა კონკრეტულად გამიზნული იქნება მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე

გიორგი გახარია: მეოთხე ფაზა კონკრეტულად გამიზნული იქნება მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე

  • 2020-11-12 11:46:41

,,მიმდინარეობს მუშაობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომელიც კონკრეტულად გამიზნული იქნება მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე", -აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა. 

„საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი - რესურსების რაციონალური გადანაწილება, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დავიწყეთ მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაზე, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად მოხდეს იმ გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.

„ეს არის რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის კუთხით, იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა და ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები, როგორც სექტორული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს, როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგებიც ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა მოქალაქეების და ბიზნესისთვის, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.

„ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას. ბოლო დღეებში გვქონდა ძალზედ მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ 2021 წლიდან, იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები