საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა

  • 2021-03-12 13:15:04

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 9 მუნიციპალიტეტი დასახელდა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე, სპეციალური პრიზები და სიგელები ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, რუსთავის, ასევე, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულისა და თელავის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ.

კონფერენცია, რომელსაც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა და მისი მოადგილე ნათია ღვინაშვილი უძღვებოდნენ, პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით, ერთდროულად ორ ლოკაციაზე - სასტუმროებში - „ბილტმორ თბილისი“ და „ჰილტონი ბათუმი“ მიმდინარეობდა.

ღონისძიება სლოგანით - „კარგი მაგალითი გადამდებია“, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, ათეა-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - ნინო ქავთარაძემ გახსნა, რომელმაც საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პროგრამაში ჩართული მუნიციპალიტეტების აქტიურობას გაუსვა ხაზი.

სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ - სოზარ სუბარმა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა მიმართეს.

„3 წლის განმავლობაში განხორციელებულმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამამ უკვე ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთა მუნიციპალიტეტებს შორის წარმატებული პროექტების გაზიარების მნიშვნელობა და აუცილებლობა" - აღნიშნა მზია გიორგობიანმა და თვითმმართველობის გაძლიერების პროცესში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის როლზე გაამახვილა ყურადღება.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკათა ეროვნულ კონფერენციას, ზუმ-პლატფორმის საშუალებით შემოუერთდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - კატალინ ჰერმანი და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი - დანიელ მევლი. დამსწრე საზოგადოებამ ასევე, მოისმინა ვიდეო-მიმართვა, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა სპეციალურად აღნიშნული კონფერენციისთვის ჩაწერა.

აღსანიშნავია, რომ BPP-ის კონკურსზე გამარჯვებული 9 თვითმმართველი ერთეულის საკონკურსო პროექტები, რომლებიც სპეციალურად შექმნილმა შეფასების კომისიამ და კონკურსის მმართველმა კომიტეტმა 2019-2020 წლების კარგ პრაქტიკად დაასახელა, 22 მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი განაცხადებიდან შეირჩა. კერძოდ, ბოლნისის, ქუთაისის, სენაკის, რუსთავის, ფოთისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს სპეციალური ჯილდოები პროექტებისთვის - „ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“, ,,COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი“, ,,სენაკის ეკონომიკური განვითარება ტურიზმის ხელშეწყობის გზით“, ასევე, ,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ჩატ ბოტის - სი ბოტის შექმნა და ექსპლუატაცია“, ,,ახალგაზრდების იდეა ფოთს’’, და ,,COVID 19-ის გავრცელების შესაკავებლად მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ღონისძიებები“ გადაეცათ.

წყალტუბოს, ოზურგეთის და თელავის მუნიციპალიტეტები კი, პროექტებისთვის - „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის“ შექმნა და ფინანსური მხარდაჭერა, „სამოქალაქო ბიუჯეტის -„იყავი თანამმართველი“ განხორციელება მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდისა და თვითორგანიზების გააქტიურებისთვის“ და ,,თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების შენობების თერმომოდერნიზება და ბიომასის მიწოდების ჯაჭვის შექმნა“ დაჯილდოვდნენ.

მუნიციპალიტეტების მერებს სპეციალური ჯილდოები და სიგელები ათეა-ს და პროექტის - N4ED დირექტორმა - დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა - ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.

აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, პროექტის მიღწევებზე, ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების კარგ პრაქტიკებსა და მათი წახალისება-გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.

„ეს მესამე ეროვნული კონფერენციაა სადაც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია “წარჩინების სიგელით“ აჯილდოებს კარგი პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულ მუნიციპალიტეტებს. ნომინაციების სიმრავლე, ნომინირებულ მუნიციპალიტეტთა რაოდენობა და საერთაშორისო ორგანიზაციათა აქტიური მონაწილება ცხადყოფს, რომ ასოციაციის კარგი მმართველობის პროგრამა შედგა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ჰორიზონტალური თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმი“ - აღნიშნა მელუამ.

საზეიმო ღონისძიების მეორე ნაწილში, დაჯილდოვების ცერემონიალს გაეროს განვითარების პროგრამაც შეუერთდა. UNDP საქართველოს წარმომადგენელმა - თინათინ ტყეშელაშვილმა მყარი ნარჩენების შეგროვების სფეროში საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციისა და მყარი ნარჩენების მართვის სტრატეგიის განხორციელებისას წარმოდგენილი კარგი პრაქტიკებისთვის, სპეციალური სიგელები - ქუთაისის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ასევე, ამბროლაურის, ლენტეხის, მცხეთის, ზესტაფონის, სამტრედიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს გადასცა.

(BPP) საუკეთესო პრაქტიკის კონკურსებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოს 38 მუნიციპალიტეტიდან 96 პროექტი იყო წარმოდგენილი, საიდანაც წარმატებულ და კარგ პრაქტიკად - 24 დასახელდა.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და მის წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენასა და სხვა მუნიციპალიტეტებში მათ გამოყენებას ისახავს მიზნად.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), PMC კვლევით ცენტრთან (PMC RC) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.

N4ED-ს მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობისა და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, ასევე საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები