„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება

  • 2021-03-18 12:57:04

ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ევროპის წამლის სააგენტომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხოდ აღიარა და ქვეყნებს მისი გამოყენების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ევროპის წამლის სააგენტოსგან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვეთ „ასტრაზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნა, რომლის თანახმადაც, ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერდეს „ასტრაზენეკას“ მოხმარება. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი შეისწავლის საკითხს და კვლევის შედეგად, პაციენტებს მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ფაქტი ახალციხის კლინიკა "იმედში“.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდოთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო იმყოფებოდა კლინიკაში და მოხდა დეტალური შესწავლა იმ გატარებული ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც ჩვენ პაციენტებს მივაწვდით დამატებით ინფორმაცია იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა ეს ფაქტი,"-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სტატისტიკის მიხედვით, 7 მილიონი ადამიანიდან, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა, მსგავსი რეაქცია მხოლოდ 41 შემთხვევაში დაფიქსირდა და არცერთი ყოფილა ლეტალური.

"ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის მანძილზე, გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც მედიისთვის არ არის ცნობილი. ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ასტრაზენეკას ვაქცინასთან მიმართებაში, როდესაც 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და არცერთი ყოფილა ლეტალური, შესაბამისად, ეს არ იძლევა საფუძველს, რომ პროცესი შეჩერდეს,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ჯანდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ახალციხიდან გადმოყვანილი ექთნის მდგომარეობა ექიმების ძალისხმევით საიმედო იქნება.

„რაც შეეხება დღეს დამდგარ ფაქტს, საბჭოს მთავარი სამსჯელო იყო ექთანთან მიმართებაში დამდგარი ფაქტის გაანალიზება, რის საფუძველზეც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტს მივაწოდებთ ყველა საჭირო ინფორმაციას. რეგულირების სააგენტო დღის 16:00 საათზე იმყოფებოდა ადგილზე, კლინიკაში და მათი მხრიდან მოხდა დეტალური შესწავლა და მოკვლევა იმ ქმედებების, რომელიც განხორციელდა კლინიკაში პაციენტთან მიმართებაში. ყველა ეს დოკუმენტაცია გადაცემული იქნება გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტისთვის და ისინი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ამ ფაქტის შესწავლას, რის საფუძველზეც მოქალაქეებს დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას იმ მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ, თუ რისგან დადგა არსებული ფაქტი. პაციენტი გადმოყვანილია თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში, განვახორციელეთ დამატებითი ღონისძიებები. ექიმების მულტიპროფილური გუნდი საღამოს 21:00 საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზეც მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება საიმედო გამოსავალი“, – ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მსგავსი პოსტები