კატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს

კატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს

  • 2021-03-23 10:07:01

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იმერეთის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

მხარეებმა COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების დაბალ აქტივობას. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ფაიზერის“ ვაქცინასაც, რომელიც საქართველოში ხვალ ღამით შემოვა. მინისტრის განცხადებით, საქართველოში "ფაიზერის" შემოტანის შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა ვაქცინებს შორის არჩევანი თავად გააკეთონ.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი ეტაპობრივად უფრო აქტიური გახდება.

“სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და პერსონალთან ერთად დეტალურად განვიხილეთ ყველა ის რისკი, რომელიც მათ ამ პროცესთან მიმართებაში გააჩნიათ. ვაქცინაციის მიმართ სანდოობა უნდა გაიზარდოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დღეს მსოფლიოში მესამე ტალღაა გამოცხადებული.

საქართველოში ეს არ ფიქსირდება, თუმცა გახსნების ფონზე ინფექციის ზრდაა. პანდემიას მხოლოდ ვაქცინაციით დავასრულებთ.

გარდა ამისა, ველოდებით 29 250 დოზა ფაიზერს. ორივე ვაქცინას „ასტრაზენეკასაც“ და „ფაიზერსაც“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი - 15 22 ამოქმედდა. ცხელი ხაზი ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.

მსგავსი პოსტები