ჯანდაცვის მინისტრი კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

  • 2021-09-03 14:45:36

ჯანდაცვის მინისტრი კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა.

მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მედიკამენტებისა და ჟანგბადის რაციონალურ გამოყენებასა და ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს.

მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კუთხით სტაბილიზაცია შეიმჩნევა. ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მაშინ როდესაც მსოფლიოში ვირუსის ლეტალობის მაჩვენებელი 2%-ია, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს 1.36%-ს, რაც მინისტრის თქმით, ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

მინისტრმა შეხვედრაზე კლინიკური მართვის ჯგუფის გაძლიერებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლი შესაძლოა გადაიხედოს. რაც პროტოკოლში რამდენიმე მედიკამენტის დამატებას გულისხმობს, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობის პროცესში გამოიყენებენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან მედიკამენტებისა და ჟანგბადის რაციონალურ გამოყენებასაც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში განთავსებული პაციენტების რაოდენობა ჟანგბადის რაციონალურად მოხმარების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება მედიკამენტ „ტოცილიზუმაბს“ , უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, მედიკამენტის შესაძენად პაციენტის მხრიდან არავითარი თანხის მობილიზება არ არის საჭირო. არსებობს ლიმიტირებული ოდენობა, იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ყველაზე მძიმე პაციენტები არიან მოთავსებულები.

მინისტრმა კლინიკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, რომ ექიმებმა პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით. არ არის საჭირო პაციენტის ახლობლებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები. ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრეს და აღინიშნა, რომ სტატისტიკის მიხედვით, ჰოსპიტალში მოხვედრილი პირების უდიდესი ნაწილი არავაქცინირებულია. სპეციალისტების განცხადებით, გარდაცვალების შემთხვევები კვლავ დომინანტური რჩება მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში. გამოიკვეთა, რომ 60 წლის ზევით განსაკუთრებით მაღალია ლეტალობა. სწორედ ამიტომ, მინისტრმა ხაზგასმით 60 წელს ზემოთ მოქალაქეებს აცრის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„გავუფრთხილდეთ ჩვენს ასაკოვან მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს, ოჯახის წევრებს, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, კვლავ დაგვრჩება გადატვირთული კლინიკები და მაღალი ლეტალობის მაჩვენებელი. ერთი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი არის 2.85%, ხოლო ორი დოზით ვაქცინირების შემთხვევაში - 2.13%. არავაქცინირებულებში, 60 წელს ზემოთ პირებისთვის დაინფიცირების რისკი არის, თითქმის 95%. ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ კვლავ მოვუწოდოთ ამ ასაკის მოქალაქეებს, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად ჩაერთონ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

3 სექტემბრის მონაცემებით , საქართველოში 1 259 391 აცრაა ჩატარებული.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

მსგავსი პოსტები