კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ

  • 2021-11-03 14:18:14

კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პაციენტებს, ვისთანაც დაავადების გართულების მაღალი რისკია მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ.

პრეპარატები ქვეყანას გერმანიისა და აშშ-ს მთავრობამ გადმოსცა. ორივე მედიკამენტი აღიარებულია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) მიერ.

კორონავირუსის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულები COVID-19-ის სამკურნალოდ ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მიდგომად ითვლება. მედიკამენტების გამოყენების ალგორითმი დღეს ჯანდაცვის სამინისტროში, კლინიკური საბჭოს შეხვედრაზე განიხილეს.

„ორი განსხვავებული პრეპარატია ხელმისაწვდომი, ერთი კასირივიმავი/იმდევიმაბი, რომელიც არის ჰოსპიტალიზებული პაციენტებისთვის. აღნიშნულ პრეპარატს მიიღებენ კლინიკები ვინც ჩართულია კოვიდის მართვაში. გაწერილია დეტალური მოხმარების ინსტრუქცია, ძირითადად ეს არის პაციენტები ვისაც პროგნოზულად აქვთ დამძიმების უფრო მაღალი რისკი სხვა პაციენტებთან შედარებით, მაგალითად 65 წლის ზემოთ პირები, ასევე პირები, რომელთაც აქვთ თანმხლები დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტენზია, ან რაიმე სხვა თანხმლები დაავადება და ამასთანავე, საყურადღებოა მათი მდგომარეობა ჰოსპიტალიზაციის მომენტში. ასევე მეორე ჯგუფი - ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბი ნაჩვენებია შედარებით მსუბუქი პაციენტებისთვის, დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე, ძირითადად ეს იქნება პაციენტი რომელსაც შესაძლოა სჭირდებოდეს მკურნალობა კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე. ოჯახის ექიმები გააკეთებენ ამ პირების იდენტიფიცირებას, ვისაც ასაკის ან თანმხლები დაავადებების გამო მაღალი აქვს დამძიმების რისკი და შემდეგ მოხდება ამ პაციენტებისთვის, დაავადების ადრეულ ეტაპზე, ვიდრე იქნება მძიმე სურათი გამოხატული, მონოკლონების ადმინისტრიორება.“ - აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

კასივირიმაბი/იმდევიმაბი საქართველოს გერმანიის მთავრობამ გადმოსცა. თამარ გაბუნიას თქმით, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატს საკმაოდ მაღალი ეფექტურობა აქვს მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტებში, როდესაც პროგნოზულად დამძიმების რისკია და სწორედ ამის თავიდან აცილებას უწყობს ხელს. ეს პრეპარატი მნიშვნელოვანია სიკვდილობის შემცირების და ჰოსპიტალიზაციის ვადის შემოკლების კუთხით.

აშშ-ის მიერ მოწოდებული ბამლანივიმაბი/ეტესევიმაბის დაავადების საწყის ეტაპზე, რისკჯუფებში გამოყენება და ჰოსპიტალიზაციის, დაავადების მძიმე ფორმის ჩამოყალიბების თავიდან აცილების, ასევე სიკვდილობის შემცირების შესაძლებლობას იძლევა.

 

იხილეთ ვიდეო

მსგავსი პოსტები