1-ელი თებერვლიდან, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდება.

1-ელი თებერვლიდან, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება დროებით შეჩერდება.

  • 2022-01-25 12:36:58

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 1-ელი თებერვლიდან, დროებით, სამედიცინო პერსონალის გარდა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შეჩერდება. ამის შესახებ გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, რეგულაცია ყველა იმ დაწესებულებას შეეხება, რომლებსაც თანამშრომლების ტესტირების ვალდებულება ჰქონდათ.

„დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ 1-ელი თებერვლიდან, დროებით, გარდა სამედიცინო პერსონალისა, უსიმპტომო პირების ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდით, იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების ტესტირებაზე. სიმპტომებიანი ადამიანები სასურველია ყველა გაიტესტოს და დადასტურდეს, რომ არის ინფექცია. იქ, სადაც სავალდებულო იყო, უსიმპტომო ადამიანებს ჩვენ ვტესტავდით. დღევანდელი წინადადება არის, რომ თებერვლიდან შევაჩეროთ ეს და იყოს მხოლოდ სიმპტომებიანის ტესტირება როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტებით. ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, იქ ტესტირება აუცილებელი არ გახლავთ, სასურველია, რომ სიმპტომების შემთხვევაში ისინი გადავიდნენ იზოლაციაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ განმარტა, რომ პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და „მწვანე პასპორტიც“ მიეცემათ.

„სამინისტრომ დაუშვა შესაბამისი ნორმატიული აქტი - თუ პირი არ არის გატესტილი, მაგრამ ჰქონდა სიმპტომები და ის დაუკავშირდა 112-ს, ასევე ჰქონდა ოჯახის ექიმთან კონტაქტი, ოჯახის ექიმი მას მეთვალყურეობდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ისინი შესაბამისად აისახებიან მერე ბაზაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მსგავსი პოსტები