ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა 2,5-3-ჯერ აღემატება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა მაჩვენებელს

  • 2022-01-30 13:01:50

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცერებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ეს ლაბორატორიული კვლევებით ვლინდება.

„17 000 არის დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ჩვენ ვანგარიშობთ მეორე მაჩვენებელსაც - ე.წ. შეფასების მაჩვენებელსაც, რომელიც, ალბათ, 2,5-3-ჯერ მეტია. დღეს ქვეყანაში 146 000 აქტიური შემთხვევაა, რაც ძალიან ბევრია. ინდივიდუალური დიაგნოსტიკა უკვე შეუძლებელია. იანვრის პირველ კვირაში, ჩვენ, ალბათ, „ომიკრონის“ ცირკულაცია 15-20% გვქონდა, მეორე კვირაში, ალბათ, 50%, მესამეში უკვე 90%-ზე ავედით. შესაბამისად, რა თქმა უნდა, დამძიმებული პაციენტები და, მათ შორის, სამწუხაროდ, გარდაცვლილები, „ომიკრონითაა“ გამოწვეული. ამიტომ, ხაზს ვუსვამ, როდესაც ვამბობთ, რომ, „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონი“ უფრო მშვიდად მიმდინარეობს, ამან არ უნდა გაგვათამამოს, რადგან, სამაგიეროდ, „ომიკრონით“ ბევრი ადამიანი ინფიცირდება და, შესაბამისად, ამ ბევრში იქნება დამძიმებულიც და, სამწუხაროდ, გარდაცვლილიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14 945 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

 

 

წყარო: იმედიაუსი

მსგავსი პოსტები