ტედროს ადანომ გებრეისუსი - მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს - ქვეყნებს მოვუწოდებთ, საკუთარი მოსახლეობა ყველა არსებული საშუალებით დაიცვან

ტედროს ადანომ გებრეისუსი - მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს - ქვეყნებს მოვუწოდებთ, საკუთარი მოსახლეობა ყველა არსებული საშუალებით დაიცვან

  • 2022-02-02 10:51:37

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, ჯანმო შეშფოთებულია ზოგიერთ ქვეყანაში გავრცელებულ ნარატივთან დაკავშირებით, რომ „ომიკრონ“ ვარიანტის მაღალი გადაცემის და დაბალი სიმძიმის გამო, გავრცელების პრევენცია აღარ არის შესაძლებელი და აღარც საჭიროა.

”მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ სიკვდილს. ჩვენ არ მოვუწოდებთ არცერთ ქვეყანას, რომ დაუბრუნდეს ეგრეთ წოდებულ „ლოქდაუნს“, მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, დაიცვას საკუთარი ხალხი ყველა საშუალების, და არა მხოლოდ ვაქცინების, გამოყენებით,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნისთვის ნაადრევია დანებება ან გამარჯვების გამოცხადება.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების ხელმძღვანელმა, მაიკ რაიანმა, ქვეყნებს მოუწოდა, დასახონ საკუთარი გზა პანდემიიდან თავის დასაღწევად და ბრმად არ მიჰყვნენ სხვებს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ზომების შემსუბუქებაში. მისი განმარტებით, ქვეყნები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდვების სწრაფად დაწესებას შეძლებენ.

„ის ქვეყნები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს უფრო ფართო გახსნისთვის, ასევე დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ შეუძლიათ ხელახლა დააწესონ ზომები, საჭიროების შემთხვევაში. ასე რომ, თუ კარებს სწრაფად გავხსნით, სჯობს, ძალიან კარგად შეგვეძლოს მათი სწრაფად დახურვაც,“- აღნიშნა მაიკ რაიანმა.

მსგავსი პოსტები