კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულების საკრებულოების თავმჯდომარეებთან და მერებთან საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომას მოწვეული სტუმრის რანგში ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი.
სხდომაზე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსმა, ნათია ტატიშვილმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებიდან წარმოდგენილი დამატებითი საპროექტო იდეებისა და სრული საპროექტო განაცხადების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა.
დღეს გამართულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მოწონებული იქნა 5 პროექტი.
აღნიშნული პროექტები დაფინანსების მიზნით წარედგინება სამთავრობო კომისიას.
მათ შორისაა:
ქ. თელავის აღმოსავლეთ ნაწილის ურბანული განახლება „მშვიდობის პარკის" მოწყობით;
საგანმანათლებლო მიზიდულობის არეალის განვითარების მიზნით, უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ ობიექტთან მისასვლელი გზის და პარკინგის მოწყობა;
რეგიონული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ქ. თელავში ქუჩების დამისამართება, სტანდარტიზაცია და საინფორმაციო დაფების მოწყობა;
ინტეგრირებული ადგილობრივი განვითარების მიზნით სიღნაღი-ქვემო მაჩხაანის დამაკავშირებელი ტურისტული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია;
ქალაქ დედოფლისწყაროში ციხე-ქალაქ ხორნაბუჯის ტურისტული ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით.
საბჭომ ასევე განიხილა და მოიწონა პროგრამის ფარგლებში დამატებით განსახორციელებელი 13 საპროექტო იდეა.