საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა

  • 2020-12-14 18:03:56

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კოვიდდადებითი პაციენტების მისაღებად საწოლფონდი გაიზარდა. საავადმყოფოში 30 საწოლზე გათვლილი, კეთილმოწყობილი ინფექციური განყოფილება და სისხლის ბანკი გაიხსნა. განყოფილების გახსნას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა.

სამედიცინო ცენტრი ჯამში 230 კოვიდინფიცირებული პაციენტის მომსახურებას შეძლებს. საჩხერის სამედიცინო ცენტრი პანდემიის პირველივე დღიდან არის ჩართული კოვიდდადებითი და საეჭვო პაციენტების მკურნალობაში. კლინიკის ანგარიშზე ასობით გამოჯანმრთელებული პაციენტია.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში - 3077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი პოსტები