რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის მოსმენა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო სხდომაზე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის მოსმენა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო სხდომაზე

  • 2020-12-21 12:02:34

დღეს, პარლამენტში, დარგობრივ კომიტეტებზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატს მაია ცქიტიშვილს უსმენენ. 

„ჩვენ, მთავრობას და პარლამენტს ერთობლივად გვაკისრია პასუხისმგებლობა - სწრაფად დავძლიოთ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი და უზრუნველვყოთ ქვეყნის განვითარება ისეთი სახით, რომ 2024 წელს წარვადგინოთ განაცხადი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად.

ოპოზიური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩევლის მიერ მინიჭებულ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ და უახლოეს მომავალში საპარლამენტო საქმიანობას შეუდგებიან.

2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის მისაღებად აუცილებელია ქვეყნის ფიზიკური დაახლოება ევროკავშირთან და ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ევროპის სატრანსპორტო ქსელში.

რეგიონების ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების დონეში არსებული უთანაბრობის აღმოფხვრა და შემდგომი განვითარების მყარი საფუძვლების შექმნა, ასევე ევროპული ტიპის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება.

თითოეული ამ მიმართულებით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, რაც რამდენიმე დღის წინ წარდგენილ 2020 წლის ანგარიშშიც აისახა.

მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება. მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, ხოლო რიკოთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. ასევე 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება.

2020 წელს ასევე დასრულდა 20 ახალი სკოლის მშენებლობა, დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, გაიხსნა ვანის მუზეუმი და სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა, აბასთუმანში, ასურეთსა და ბაკურიანში დასრულდა ურბანული განახლების მნიშვენლოვანი ეტაპები და მუშაობა დაიწყო წყალტუბოს განვითარების პროექტზე.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რომელშიც მხოლოდ 2020 წელს 1300-ზე მეტი კომპანია და 30 ათასამდე საქართველოს მოქალაქე იყო დასაქმებული. გადაჭარბების გარეშე, შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცენდენტო მასშტაბით მიმდინარეობს.

დაწყებულია და ბუნებრივია, გაგრძელდება ასეულობით პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას და დაახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონესთან.

2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქარონსული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.

დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი - ჩოლოქის და ბათუმის შემოვლითი გზის და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების დასრულების შემდეგ, 2024 წლამდე დამატებით აშენებული იქნება 200 კმ-მდე ავტობანი. დაიწყება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალის 27კმ-იანი ჩქაროსნული გზისა და ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით.

გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი.

ასევე გაგრძელდება შიდასახელმწიფოებრივი გზების სარეაბილიტაციო და შეკეთების სამუშაოებიც და 2024 წლამდე რეაბილიტირებული იქნება 1500 კმ-მდე გზა და 200-მდე ხიდი. დასრულდება რეგიონების დამაკავშირებელი გზების - ბაღდათი-აბასთუმნის, საჩხერე-ონის, ლენტეხი-მესტიის, თბილისი-შატილის, ბათუმი-ახალციხის გზების მშენებლობა. ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამით ჯამში, რეაბილიტირდება 200 კმ გზა.

2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები