ქუთაისში, 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს 32 ქუჩის რეაბილიტაცია, მათ შორის ორი ცენტრალური ქუჩის- აღმაშენებლის და წერეთლის გამზირების

ქუთაისში, 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს 32 ქუჩის რეაბილიტაცია, მათ შორის ორი ცენტრალური ქუჩის- აღმაშენებლის და წერეთლის გამზირების

  • 2020-12-21 17:22:14

ბოლო პერიოდში, სოციალური ქსელით, რამდენჯერმე გავრცელდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციები ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საბიუჯეტო პროცესებზე.

ქუთაისი მერია პერიოდულად შემოგთავაზებთ დაზუსტებულ ინფორმაციას ქალაქში განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის პროგრამებზე, პროექტებსა და აქტუალურ საკითხებზე. ქუთაისში, 2020 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს 32 ქუჩის რეაბილიტაცია, მათ შორის ორი ცენტრალური ქუჩის- აღმაშენებლის და წერეთლის გამზირების.

წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წლის სექტემბერში დაიწყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა. სამუშაოები 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება. ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები. ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, განახლდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება. 2020 წელს ქუთაისს 8 ახალი სკვერი შეემატა, განახლდა და კეთილმოეწყო უკვე არსებული სკვერებიც. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ცალკეულ უბნებში მოეწყო მარტივი ტიპის სპორტული მოედნები და სავარჯიშო ადგილები.

სარეკრეაციო ზონის მოწყობა დაწყებულია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის #10-ის მიმდებარე ტერიტორიაზეც. იქ უკვე არსებულ ტრენაჟორებს კიდევ დაემატება რამდენიმე, დაიდგმება საბავშვო ატრაქციონები და ძელსკამები.

კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტია გათვალისწინებული ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურადაა მორგებული ქალაქისა და მოქალაქეების ინტერესებზე. ჩვენ არ ვეხმაურებით პოპულისტურ განცხადებებს, თუმცა არგუმენტირებულ პასუხებს გავცემთ ყველას, ვისაც მართლა აინტერესებს, როგორ ვითარდება ქალაქი. ქუთაისის მერია ღიაა სათანამშრომლოდ ყველასთვის, ვისაც გულწრფელად შეტკივა გული ჩვენს ქალაქზე და მისი უკეთესი მომავლისთვის ზრუნავს.

ინფორმაციას ავრცელებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია .

მსგავსი პოსტები