ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ გორისციხის მიმართულებით მდინარე თერგზე სახიდე გადასასვლელი აშენდა, რეაბილიტირდა გორისციხისა და ფხელშის შიდა გზები, ასევე განხორციელდა წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღნიშნული პროექტების ღირებულება ჯამურად - 5 000 000 ლარს აჭარბებს.
გორისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარ დეპუტატთან- შალვა კერესელიძესთან, რეგიონის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელ მანანა (მაცაცო) ნარიმანიძესთან, მოადგილეებთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
სოფელ გორისციხისა და ფხელშის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 280 465 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს შ.პ.ს „ეს ერ ჯი“ ახორციელებდა.
პროექტის ფარგლებში გაფართოვდა საავტომობილო გზა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა, საყრდენი კედელი და მოასფალტდა გზის საფარი.
გორისციხის ხიდის სამშენებლო სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს “ ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი“ ასრულებდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 669 252 ლარით დაფინანსდა.
ხიდის სიგრძე 33 მეტრია და ის გორისციხის თემის სოფლებს - ფხელშეს, ტყარშეტსა და გორისციხეს სოფელ ვარდისუბანთან და მუნიციპალურ ცენტრთან აკავშირებს.
სოფელ გორისციხისა და ფხელშეს წყალსადენისა და კანალიზაციის უბნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან - 55 444 ლარი გამოიყო, სამუშაოები შ.პ.ს „G.SERVICE“-მ განახორციელა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტები მიმდინარე წელსაც აქტიურად განხორციელდება.