ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

  • 2020-11-07 14:17:42

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა, სადაც ვიცე-პრემიერმა - მაია ცქიტიშვილმა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა - ამირან გამყრელიძემ, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ისაუბრეს და ქვეყანაში დაგეგმილი წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ განმარტებები გააკეთეს.
ვიცე-პრემიერის  განცხადებით,  ფიზიკური პირი, რომელიც 9 ნოემბრიდან გადაადგილებასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვას დაარღვევს - 2 ათასი ლარით დაჯარიმდება.

„ჩვენ კანონმდებლობით უკვე გვაქვს განსაზღვრული სანქციები, იმ კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კომენდანტის საათი, ეს არის გადაადგილების შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, „თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ორშაბათიდან შეჩერებული იქნება როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება.

,,ამავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ მყისიერად იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები ადამიანის გადაადგილებაზე. ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებში მგზავრთა ნაკადს პირველ რიგში მძღოლები გააკონტროლებენ და იმ შემთხვევაში, თუ ტრანსპორტში ყველა ადგილი იქნება დაკავებული, დამატებითი ადამიანის აყვანა არ მოხდება",- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 

ვიცე-პრემიერი საწოლფონდის თემასაც შეეხო და განმარტა, რომ აღნიშნული მიმართულებით, ამ დროისთვის სიტუაცია მართვადია. თუმცა, დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ადგილების დროული გამოთავისუფლება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი, არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები კიდევ გაფართოვდეს.

როგორც ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, შეზღუდვების დაწესება ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

,,სამწუხაროდ, ამ პანდემიის შეკავება სხვაგვარად ვერ ხორციელდება. უნდა გავითვალისწინოთ ის გამოცდილება, რასაც უკვე გადიან მთელი რიგი ევროპული თუ არა ევროპული ქვეყნები. უნდა შევეცადოთ საქართველო მინიმალური დაზიანებით გამოვიდეს პანდემიიდან. ჩვენ თავიდანვე დაახლოებით ვაკეთებდით პროგნოზს, რომ ნოემბრის შუა რიცხვები საკმაოდ მძიმე იქნება, ჩვენ გავალთ პიკზე და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პიკის პლატო, ამის პროგნოზირება რთულია. ნოემბრის მეორე ნახევარში უკვე ახალი რესპირაციული ვირუსები დაგვემატება, მათ შორის, გამოჩნდება გრიპი და იქნება ზედდება“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ და მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

🎬იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები