ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

ტრადიციული ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში

  • 2020-11-09 14:38:47

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა.
ჟურნალისტების შეკითხვებს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და მისმა მოადგილემ - პაატა იმნაძემ უპასუხეს.
ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა რეგულაციების გამკაცრების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში - 22:00 სთ-დან - დილის 5-საათამდეა დაწესებული. 
მანვე ისაუბრა იმ კონკრეტულ მიმართულებებზე, რაზეც შეზღუდვა არ ვრცელდება.
„ეს შეზღუდვა არ ვრცელდება კონკრეტული მიმართულებით: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე, ასევე მიტანის სერვისის კურიერებზე,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ჩამოთვლილ ქალაქებში საქმიანობა შეაჩერეს მუნიციპალურმა და კერძო საბავშვო ბაღებმა. მანვე განმარტება გააკეთა გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღების შესახებ. 
„ამ ქალაქებში მიღებულია სპეციალური ზომები დღის განმავლობაში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ იქნება. მოქალაქეებს დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, სრული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის 144 -ის მეშვეობით. ასევე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ ღამის 10 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი დროებითი საშვის მიღება 144 – 1-ზე დარეკვის შემთხვევაში, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს 18:00 საათიდან. დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და იმაზე, თუ როგორ შევასრულებთ წესებს - ვატარებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს!,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
რეგულაციების გამკაცრების თემას შეეხო ამირან გამყრელიძეც და აღნიშნა, რომ შეზღუდვები არის ერთ-ერთი გზა მობილობის შესამცირებლად და სწორედ ამის მეშვეობით გადაიტანა ქვეყანამ გაზაფხული მშვიდად.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა  საწოლების რაოდენობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით ამ ეტაპზე უმართავი სიტუაცია არ არის, არსებობს რიგი, მაგრამ შემდგომში ყველა თავსდება საავადმყოფოში.
,,დღეისთვის თავისუფალი იყო 250-მდე საწოლი საქართველოს მასშტაბით და დაკავებული იყო 4500. ზოგადად, კოვიდისთვის განსაზღვრულია, რომ მობილიზაცია გაკეთდეს 8000-მდე საწოლის ქვეყანაში. დღეს და ხვალ როგორც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, 600-700 საწოლის მობილიზაცია გაკეთდება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მანვე სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების სტატისტიკა განიხილა და აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი  6%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც რაოდენობრივად დაახლოებით 2 ათასია.
ამირან გამყრელიძემ  მოსახლეობას, რომლებიც რისკ ჯუფში შედიან, კიდევ ერთხელ მოუწოდა აცრების ჩატარებისკენ.
„ახლა არის უკვე ვირუსების სეზონი. ჯერ გრიპის ვირუსი არ ჩანს, არ ცირკულირებს, მაგრამ მალე ალბათ გამოჩნდება, მაგრამ სხვა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ აქტიურად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოწოდებაა, რომ ვისაც ეკუთვნის და ვინც არის რისკ ჯგუფი, ავიცრათ. ვაქცინა საკმარისია, ასევე კერძო სექტორს აქვს კიდევ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე განმარტებით, ინფორმაცია, თითქოს კოვიდპაციენტებისათვის სისხლის საერთო ანალიზის, D დიმერისა და სატურაციის განსაზღვრის თაობაზე სავალდებულო გამოკვლევა სავალდებულოა, სინამდვილეს არ შეესაბამება და განაცხადა, რომ აღნიშნული გამოკვლევა მხოლოდ მხოლოდ ექიმის და ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით მოხდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ტესტირებისათვის სწრაფი ტესტების ჩართვას თანდათან ააქტიურებენ.
,,ქვეყანაში 991 000, ანუ თითქმის უკვე მილიონამდე PCR ტესტია ჩატარებული, ასევე ჩატარებულია დაახლოებით 500 000-მდე სწრაფი ტესტი. მისივე განმარტებით, ახალი დადგენილების მიხედვით, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენება უკვე დაიწყეს კლინიკებში, „ცხელების ცენტრებში“, ასევე ამ ატაპზე, გეოგრაფიულად დაშორებულ იმ ადგილებში, სადაც PCR ტესტისტის ნიმუშის თბილისში ან უახლოეს ლაბორატორიაში ჩატანას დიდი დრო სჭირდება",- აღნიშნა გამყრელიძემ. 


🎬 იხილეთ ვიდეო 

მსგავსი პოსტები