მარტვილის, აბაშის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, მერის მოადგილესთან ირაკლი პერტენავასთან ერთად აბაშის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში ახალი სკოლა შენდება, რომელიც 60 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, ექნება ცენტრალიზებული გათბობა, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 112 003 ლარით ფინანსდება.
სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის კომპლექსის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.
პროექტი ითვალისწინებს ახალი, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამუზეუმო კომპლექსის შექმნას. გათვალისწინებულია კონსტანტინე გამსახურდიას სახლის რეკონსტრუქცია. XIX საუკუნის ეთნოგრაფიული გარემოს აღდგენა (შესაბამისი ინტერიერის მეგრული კარ-მიდამო) და მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების წარმოჩენა, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ქვეყნის ისტორიაში მისი წვლილის ჩვენებით.
საზოგადოებრივ-კულტურული აქტივობების ზონაში ღია ცის ქვეშ არსებულ სცენასა და კულისებს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. ეს იქნება ადგილი, სადაც სპექტაკლები, კონცერტები, საიუბილეო და სხვა მასობრივი ღონისძიებები ჩატარდება.