საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად შესყიდვის გამოცხადების თარიღად მიმდინარე წლის 20 იანვარი განისაზღვრა, ხოლო სამუშაოები კომპანიამ, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს გაზაფხულზე უნდა დაიწყოს და 9 თვის განმავლობაში უნდა დაასრულოს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 8 571 210 ლარია!
პროექტის მიხედვით დუშეთის მუნიციპალიტეტში, გრემისხევის თემში რეაბილიტირდება სოფელ მიქელიანში მისასვლელი ადგილობრივი მნიშვნელობის 11.4 კმ-იანი საავტომობილო გზა. ამ გზით სარგებლობს როგორც გრემისხევის თემში შემავალი 11 სოფლის (ციხისუბანი, არბოეთი, თხილოვანი, მიქელიანი, პეტრიანი, ციგრიიანთკარი და სხვა), ისე გზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სოფლების მოსახლეობა და სოფელ მიქელიანთან, მდინარე ნარეკვავზე არსებული წყალსაცავის მომსახურე პერსონალი.
აღსანიშნავია, რომ ეს სოფლები რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 22 კმ-ით და პრობლემები იქმნება როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ისე დროული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიღების თვალსაზრისით. ამასთან, სოფლები გამყოფ ხაზთან მდებარეობს. არსებული გზა არის გრუნტოვანი და ძლიერ დაზიანებული, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება რთულდება, განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ყველა ეს პრობლემა აღმოიფხვრება, ადგილობრივი მოსახლეობა და სტუმრები ახალი კომფორტული და უსაფრთხო გზით შეძლებენ სარგებლობას.