დღეს, უდიდესი ქართველი მწერლისა და კლასიკოსის, ალექსანდრე ყაზბეგის დაბადებიდან 173 წელი შესრულდა.
იუბილესთან დაკავშირებით დაბა სტეფანწმინდაში ყაზბეგის სახლ-მუზეუმის ეზოში, მის საფლავთან, პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილი, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები, ა(ა) იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ალექსანდრე ყაზბეგის იუბილესთან დაკავშირებით ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში ღონისძიებები იმართება, თუმცა ამჯერად არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დიდი მწერლის დაბადების დღე მოკრძალებულად აღინიშნა.
როგორც მოგეხსენებათ, ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის – ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძა) სახლის რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ღირებულება, რომელსაც კომპანია შპს „იკორთა 2007“ ახორციელებს, 4 მილიონ ლარს აღემატება.
პროექტი ითვალისწინებს სამუზეუმო კომპლექსის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ახალი კორპუსის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და ვიზიტორთა ცენტრი.
პროექტი ასევე გულისხმობს ტერიტორიის კეთილმოწყობას, კომუნიკაციებისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მოწყობას.