სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე სოფლებში წყრუთში და სხვილისში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს გაეცნენ.
ამ დროისთვის, სოფელ წყრუთში აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა. პროექტის ფარგლებში შენდება ორ სართულიანი შენობა, სადაც მოეწყობა საბავშვო ჯგუფების ოჯახები, საძინებლები, დარბაზი, სამზარეულო, სამრეცხაო და სველი წერტილები. ასევე, კეთილმოეწყობა ეზო ბავშვების გასართობი სივრცით, გამწვანებით, ლამპიონებით, მოსასვენებელი სკამებით და მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით.
აღსანიშნავია, რომ სოფელში წლების განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. პროექტის დასრულების შემდეგ ბაღი 90-მდე აღსაზრდელის მიღებას შეძლებს.საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 877 157 ლარია გათვალისწინებული.
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, სხვილისის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში აქ სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას და ეზოს კეთილმოწყობას.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილ გარემოში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.
სოფელ სხვილისის საბავშვო ბაღის შენობას დღემდე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. სამუშაოებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 369 295 ლარი იხარჯება.