ფერმერების აგროდიზელით მხარდაჭერის პროგრამა 2021 წელსაც გრძელდება. ფერმერები დიზელის საწვავს მნიშვნელოვნად დაბალ ფასად მიიღებენ.
პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყება პირველ თებერვალს, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან ეტაპობრივად განხორციელდება.
ფერმერებს ფასდაკლებით სარგებლობა უკვე ელექტრონულადაც შეუძლიათ და ბენზინგასამართ სადგურებზე დაბეჭდილი დოკუმენტის წარდგენა აღარ მოუწევთ.
საწვავზე ფასდაკლების დასტური გაიცემა დისტანციურად, ვებგვერდის https://my.mepa.gov.ge საშუალებით. ფერმერებს ასევე შეეძლებათ ბარათები სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც მიიღონ.
ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებასთან დაკავშირებით, დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა.
სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერზე“ ფარგლებში, 2020 წელს აგროდიზელის პროგრამა წარმატებით განხორციელდა. ფასდაკლებით ისარგებლა 125 ათასმა ფერმერმა და მათ 7 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი მიიღეს.
აგროდიზელის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავ შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც აქვთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა-სა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვრისა, ან ის პირები, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე არა უმეტეს 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ დიზელის საწვავი მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან - 16 თეთრის ფასდაკლებით.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დიზელის შეუფერხებლად გაცემა მოხდება დადგენილი გრაფიკის მიხედვით, კერძოდ - 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით. გაიცემა არაუმეტეს 2 000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით 1 500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა.