პრემიერ-მინისტრს ორშაბათს წარედგინება საქართველოს მასშტაბით იმ სამედიცინო დაწესებულებების სია, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ერთიანი კლინიკური მართვის პირობებში ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინაციაში იმოქმედებენ, - აღნიშნული დავალება გიორგი გახარიამ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, სახელმწიფო კლინიკების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე გასცა.
შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე ესწრებოდნენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე აღნიშნა, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის მზაობა პაციენტების შესაძლო ზრდის პირობებში და საერთო ამოცანაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გადაწყდეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული.
პრემიერმა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს დაავალა, ორშაბათს წარმოადგინონ კერძო სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიულად განაწილებული სია, იმისთვის, რათა არსებობდეს წინასწარი მზაობა კორონავირუსით ინფიცირებულთა შესაძლო ზრდის პირობებში, სამინისტროსთან სრული კოორდინაციით მოქმედებისთვის.
"მე შეხვედრა მქონდა კერძო სექტორთან. მათი მხრიდან მზაობა იქნება, რომ ის მოცულობები, რაც მათ გააჩნიათ, აუცილებლობის პირობებში, გაათავისუფლონ სახელმწიფოსთვის, რათა ჩვენ მოვახერხოთ პაციენტების მაქსიმალურად მომსახურება. ჩემი ამოცანაა, დღეს თქვენთან ერთად გადავწყვიტო, ეს სამედიცინო ობიექტები რეგიონების მიხედვით როგორ უნდა იყოს გადანაწილებული. დღეს, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იღებთ დავალებას, ორშაბათისთვის გვქონდეს კონკრეტული სია გეოგრაფიულად გადანაწილებული სამედიცინო დაწესებულებების, რომლებიც დღეს არიან კერძო სექტორში და რომლებიც სრულად უნდა მოემსახუროს საერთო საქმეს, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამასთანავე აუცილებელია პროფესიონალი, უმაღლესი კლასის შესაბამისი პროფილის მედიკოსების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც რეგიონულ საავადმყოფოებს დისტანციურად გაუწევენ შესაბამის კონსულტაციას, რათა საჭიროების შემთხვევაში პაციენტთა ნაკადები იმართოს.
„მოკლედ, რომ ვთქვა თქვენი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სისტემა სრულად იყოს მზად პაციენტების მისაღებად რეგიონულ და რაოდენობრივ ჭრილში, შესაბამისი პროფილის მედიკოსების კორპუსი კი იყოს მზად, როგორც დისტანციურად გაუწიოს კონსულტაციები რეგიონულ საავადმყოფოებს, ასევე მართოს ეს ნაკადები და ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, სპეციალისტი მედიკოსების რაოდენობა", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.