საქველმოქმედო აქცია 240 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის

საქველმოქმედო აქცია 240 სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის

  • 2022-02-11 12:13:03

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქცია დღეიდან იწყება

მორიგი აქციის ფარგლებში, 240 სოციალურად დაუცველ ოჯახს ფულადი ვაუჩერები - "სიკეთის ბარათი" გადაეცემათ.

65000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც ერთი 16 წლამდე ასაკის შშმპ ჰყავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ნინო სურგულაძის ფონდის "ნატვრის ხე“ ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, "სიკეთის ბარათებს" მიიღებენ.

აქცია კომპანია "სოკარის" აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება.

აქციის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია და ნინო სურგულაძე სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრნენ და ფულადი ვაუჩერი პირადად გადასცეს.

აღნიშნული ვაუჩერით სოციალურად დაუცველი ოჯახები მედიკამენტების, საკვები დანამატების და სხვა შესაბამისი სამედიცინო დანიშნულების საგნების შეძენას შეძლებენ.

"სიკეთის ბარათების" განაღდების შესაძლებლობა მათ კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში ექნებათ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით სულ 240 ოჯახი შეარჩია.

"სიკეთის ბარათების" დარიგებას სააგენტო თავად უზრუნველყოფს. ფულადი ვაუჩერების მიღების მიზნით სოციალურად დაუცველი ოჯახი შესაბამის განცხადებას შეავსებს.

საქველმოქმედო აქცია დღეიდან დაიწყება და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ 7 წლის წინ შეიქმნა.

ამ დროის განმავლობაში საქველმოქმედო კონცერტებით, საზოგადოების და მსოფლიო ვარსკვლავების ჩართულობით, ნინო სურგულაძემ 120-ზე მეტს ბავშვს აჩუქა სიცოცხლე, ბავშვების უმრავლესობას საზღვარგარეთ მკურნალობა დაუფინანსდა და ურთულესი ოპერაციები ჩაუტარდათ. ასევე ფონდმა დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველ ათასამდე ოჯახს.

ნატვრის ხის საქველმოქმედო ანგარიშის ნომერი: სს თიბისი ბანკი ა/ა GE18TB7276636080100005

საქველმოქმედო ტელეფონის ნომერი 09 01 900 999;

ზარის ღირებულება 1 ლარი

მსგავსი პოსტები