ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - ,,რეგიონალური და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა, ფაზა II" -ის ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობისა (ADA) და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით რეგიონური შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ძირითად მიზანს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ინიციატივების, მათ შორის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული მუნიციპალური პროექტების გაცნობა და განხილვა წარმოადგენდა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მაქარაშვილი, ამბროლაურის მინიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე, ონისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლები, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ადგილობრივი დემოკრატიული სააგენტოს (LDA), რაჭის სიძველეთა დაცვის ფონდის, აფხაზინტერკონტისა და მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი მიღწევები, სამომავლო გეგმები და აქტივობები წარმოადგინეს. ასევე, განიხილეს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული მუნიციპალური პროექტები, რომლის ფარგლებშიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 137,000 ლარის ოდენობის საინვესტიციო გრანტი გადაეცა.
დისკუსიის რეჟიმში, ხაზი გაესვა ინტერმუნიციპალური პროექტების განვითარების მნიშვნელობას, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რამდენიმე ძირითადი მიმართულება, რომლებიც რეგიონის მასშტაბით განხორციელდება.