საქართველოში ,,ვაქცინაციის მარათონი" დაიწყო, რომელიც სხვა რეგიონებთან ერთად ამბროლაურის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდება.
კამპანიამ სტარტი 18 ოქტომბერს აიღო და თვის ბოლომდე საქართველოს მასშტაბით 50-მდე სოფელში განხორციელდება. 150 ათასამდე ადამიანს საშუალება ექნება სანდო და კვალიფიციური ინფორმაცია დარგის წამყვანი სპეციალისტებისგან მიიღოს, სურვილის შემთხვევაში კი ადგილზე აიცრას.
პროექტი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება.
️ მარათონში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური ცენტრების თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. საინფორმაციო შეხვედრების განმავლობაში მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება ვაქცინაციასთან დაკავშირებით და საგანმანათლებლო მასალებიც გადაეცემათ.
აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, 22-23 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა, 25-26 ოქტომბერს კი მასობრივი ვაქცინაცია გაიმართება.
მარათონის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილი მოძრავი ამბულატორია, სოფლის მოსახლეობის აცრის პროცესში აქტიურად მიიღებს მონაწილეობას და მათ, ვისაც ვაქცინაციის ცენტრამდე მისვლა არ შეუძლიათ, ადგილზე ვაქცინაციის შესაძლებლობა ექნებათ.