ქუთაისში შიდა საქალაქო მოძრაობა 60 ახალი ავტობუსით განახლდება.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 8 თებერვლიდან ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დაიწყებს მუშაობას. ქალაქში იმოძრავებს მუნიციპალური ავტობუსებიც.
როგორც ცნობილია, ქუთაისს გადმოეცა 60 ახალი ავტობუსი - 36 უკვე ქალაქშია, 24-ს კი დღეს მიიღებს. მოხდება ამ ავტობუსების სანომრე ნიშნებით შემოსვა, მარშრუტებზე გადანაწილება და შემდეგ 60-ვე ავტობუსი მოემსახურება ქალაქს.
როგორც შპს “ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის“ ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი აცხადებს,
„8 თებერვლიდან 36 ავტობუსი ჩაერთვება სატრანსპორტო სქემაში. უკვე განსაზღვრულია მათი სვლა-გეზები. პირველ რიგში, დავტოვეთ ყველა ის სვლა-გეზი, რომელზეც აქამდეც ავტობუსები მოძრაობდა. ასევე, გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებსაც- სად არის აუცილებელი ახალი სვლა-გეზის დამატება, ახალი გაჩერებები. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გვაქვს ამ მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები და საბოლოოდ, მათი იდეების და სურვილების გათვალისწინებით ჩამოვაყალიბებთ ქუთაისის სატრანსპორტო სქემას.
რაც შეეხება ტარიფს: დღეის მდგომარეობით, ავტობუსით მგზავრობის ღირებულება არის 40 თეთრი. ეს ღირებულება, სავარაუდოდ, გაიზრდება 50 თეთრამდე, თუმცა, ამისთვის საჭიროა საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც თებერვლის ბოლოს, საკრებულოს სხდომაზე იქნება მიღებული.
ავტობუსებში სრულად იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციები: მძღოლი და მგზავრები აუცილებლად უნდა იყვნენ პირბადით. აკრძალული იქნება მგზავრის ფეხზე დგომა. ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ავტობუსებს ჩაუტარდებათ დეზინფექცია.
მონიტორინგის სამსახური მუდმივად შეამოწმებს, თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები.
ჩვენ ვგეგმავდით, რომ ავტობუსებს ემოძრავათ დილის 8 საათიდან საღამოს 22 საათამდე, თუმცა, პანდემიის გამო არსებული შეზღუდვების თანახმად, ამ ეტაპზე, დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე იმუშავებენ.“
ავტობუსებში მალე დაინერგება ელექტრონული გადახდის სისტემა, რაც გაცილებით მოსახერხებელია, ვიდრე ხელზე თანხის გადახდა. ბილეთის შეძენა ყველა გადახდის აპარატში იქნება შესაძლებელი. არსებული შეღავათები შეუნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს და ისინი იმავე პირობებით ისარგებლებენ, რაც აქამდე ჰქონდათ.