მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ქანდის საჯარო სკოლა სრულად რეაბილიტირდა.
სკოლის განახლებულ შენობაში სწავლა-სწავლების პროცესი ჩვეულ ფორმატში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა სახურავი, გამოიცვალა წყალგაყვანილობა, გაკეთდა თბოიზოლაცია, გარემონტდა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, დერეფნები, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი, შემოიღობა ეზო, მოეწყო რეკრეაციული სივრცე, ღია სპორტული მოედანი და სავალი ბილიკები.
პატარა ქანდის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტი სკოლის გაფართოებასაც მოიცავდა. კერძოდ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა დამატებითი ფართი.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განახლებული შენობა 200 მოსწავლეზეა გათვლილი და ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის
პატარა ქანდის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2019 წელს ბიზნესმენ ვაჟა უსანეთაშვილის დაფინანსებითა და მხარდაჭერით განხორციელდა, საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული ურთიერთანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს.
პანდემიის მიუხედავად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლება უწყვეტად ხორციელდებოდა:
2020 წელს აშენდა შატილის სკოლა-პანსიონი და რეგიონში რეაბილიტირდა 11 საჯარო სკოლა.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია 13 საჯარო სკოლას ჩაუტარდება, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში კი ახალი სკოლის მშენებლობის პროცესი თითქმის დასრულებულია.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლები აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.
სასწავლო პროცესის უსაფრთხოების ნორმებისა და რეკომენდაციების დაცვით წარმართვის მიზნით განხორციელდა და გაგრძელდება სკოლების მონიტორინგი.