განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2022 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.
პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ისე ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.
ეს პროგრამებია:
საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები;
საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები;
საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები;
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა;
სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში;
აკადემიური პროგრამები იტალიაში.
მიმდინარე წელს უკვე დასრულდა 1 პროგრამა (უნგრეთში გაცვლითი პროგრამები).
სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ/აიმაღლონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.
ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე - www.iec.gov.ge - 5 თებერვალს დაიწყო, საფრანგეთსა და იტალიაში სასტიპენდიო კონკურსის ფარგლებში განაცხადები 5 მარტის, ხოლო დანარჩენ პროგრამებზე 5 აპრილის ჩათვლით მიიღება.
პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან პერიოდულად დისტანციურად გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები. კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სოციალურ ქსელში ცენტრის ოფიციალურ გვერდზე
https://www.facebook.com/iec.gov.ge
ან ელფოსტის: info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.
განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად 12 პროგრამას ახორციელებს და დაახლოებით 200-მდე სტუდენტს აფინანსებს. მათ შორის 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დაფინანსდა 120 სტუდენტის საზღვარგარეთ სწავლება, ხოლო ბენეფიციართა საზღვარგარეთ სწავლისთვის სახელმწიფოს მიერ 4 მლნ ლარზე მეტი გამოიყო. ჯამში უკვე 1000-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გაიცა.
საქართველოს მოქალაქეები განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით სწავლობდნენ/სწავლობენ მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში.