ჯიხაშკარის სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი ჩიქოვანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია გაეცნენ.
როგორც მერმა აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 5 საჯარო სკოლას ვუტარებთ სრულ რეაბილიტაციას, მათ შორის ერთ-ერთი ჯიხაშკარის ნომერ მე-2 საჯარო სკოლაა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონი ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯიხაშკარელ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საჯარო სკოლაში მიიღონ განათლება. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ყველა იმ სკოლას მოიცავს, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ჯიხაშკარის სკოლის რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელზეც სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
,,სოფელი ჯიხაშკარი არის ისტორიული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სოფელი მუნიციპალიტეტში და ნამდვილად დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სკოლის რეაბილიტაციით ჩვენ კიდევ უფრო მეტ განახლებას შემოვიტანთ სოფელში. რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს კიდევ უფროს კომფორტულ გარემოში მიიღონ განათლება”-აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა.
პროექტი ითვალისწინებს სკოლის სრულ რეაბილიტაციას, შიდა და გარე სივრცეების კეთილმოწყობას, სველი წერტილებისა და კომუნიკაციების მოწყობას და შენობის ადაპტირებას შშმ პირთათვის. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით გარემონტებულ და კეთილმოწყობილ სკოლებში მიიღონ განათლება. სკოლების რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.