ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს.
ქალაქ ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტებს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია, ფოთის მერი გოჩა კურდღელია, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე თოფურია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა გაეცნენ.
წყალმომარაგების კომპანია ფოთში, ორ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, რაც ქალაქში სრულიად ახალი წყალარინების სისტემების მოწყობასა და თანამედროვე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გულისხმობს.
,,ამ დროისთვის, წყალმომარაგების კომპანია ფოთში ორ მსხვილ პროექტს ახორციელებს. პირველი ეს არის გამწმენდი ნაგებობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოს დაბინძურების რისკებს რეგიონში და მეორე პროექტი ეს არის წყალარინების ქსელის მოწყობა ქალაქში. ამ ნაწილში კონტრაქტორი მუშაობს ნელი ტემპით და გრაფიკთან მიმართებაში აქვს ჩამორჩენა. მათ მივეცით გარკვეული მითითებები, რომ ტემპი დროულად გამოასწორონ. სამუშაოები ითვალისწინებს 145 კმ საკანალიზაციო ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
ფოთის წყალარინების ქსელის მოწყობისთვის 35 მილიონი ევრო, ხოლო საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის დონორი ორგანიზაციის მიერ დაახლოებით 55 მილიონი ლარია გამოყოფილი.
,,ქალაქის წყალარინების გამწმენდის ნაგებობის მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია და დაახლოებით სამუშაოების 80 % შესრულებულია. თუმცა, წყალარინების ქსელის რეაბილიტაციის პროექტში კონტრაქტორს აქვს ჩამორჩენები. გვაქვს გარკვეული შენიშვნები მათთან. შესაბამისად, დაიგეგმა შეხვედრა მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რომლებიც საქართველოში თებერვლის ბოლოსთვის ჩამოვლენ და გვექნება დეტალური განხილვა იმაზე თუ, როგორ შეძლებენ ისინი უახლოეს პერიოდში ამ პრობლემის გადაჭრას’’ - განაცხადა გიგა მანდარიამ.