საგარეჯოში გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
კახეთის რეგიონში გასულ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 7 უკვე გაიხსნა, 3 შენობის გახსნა კი, მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.
რეგიონებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 29 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 24 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
გარდა აღნიშნული პროექტისა, სამედიცინო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს. 2020 წელს:
დასრულდა 340-ზე მეტი ამბულატორიის მშენებლობა და რეაბილიტაცია.
სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდა140 ავტომობილით.
სოფლის ექიმები აღიჭურვა 900-ზე მეტი კომპიუტერით, 400 ამბულატორიას გადაეცა სამედიცინო ინვენტარი.
აღიჭურვა და გაიხსნა ბათუმის რესპუბლიკური და რუხის მრავალპროფილური საავადმყოფოები. გაიხსნა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალგარემონტებული კორპუსი.
ჰოსპიტლების გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მიერ, ასევე დონორების მხარდაჭერის ფარგლებში, შესყიდულია აღჭურვილობა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურა, რეანიმობილები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და სხვა საჭირო ინვენტარი.