ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაციის მიზნით ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურად განხორციელება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.
სენაკის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ქალაქ სენაკის N3 საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მინი სპორტული მოედნის, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლის მინი სპორტული მოედნისა და დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
პროექტის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ ფაცაცია და განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გივი მისაბიშვილი გაეცნენ.
ამ ეტაპზე, ჭავჭავაძის ქუჩის N35 და რუსთაველის ქუჩის N126 კორპუსების მიმდებარედ, მიმდინარეობს მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია;
ასევე, სასპორტო სკოლის სპორტული დარბაზისა და სადრენაჟე სისტემის მოწყობის სამუშაოები.
პროექტს, რომლის ღირებულება 122 800 ლარს შეადგენს, რეგიონალური განვითარების ფონდი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსების ფარგლებში ახორციელებს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მერობის პერიოდში, ასევე მოეწყო 6 მინი-სპორული მოედანი:
2019 წელს რეაბილიტირდა ჭყონდიდელის ქუჩაზე, მექანიკურის დასახლებაში, მეშვიდე საჯარო სკოლისა და ჟიული შარტავას სახელობის პარკში მდებარე მინი-სპორტული მოედნები;
2020 წელს დასრულდა ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებასა და მშვიდობის ქუჩის N223-ში მდებარე სპორტული მოედნების მშენებლობა.
აშენდა 2 საკალათბურთო მოედანი:
მსოფლიო დონის კალათბურთელის, სენაკის საპატიო მოქალაქის, ზაზა ფაჩულიას ინიციატივით, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია ,,გალფის’’ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს დასრულდა ზაზა ფაჩულიას სახელობის საკალათბურთო მოედნის მშენებლობა;
2020 წელს, იუსტიციის სახლის მიმდებარედ, მოეწყო კალათბურთის მოედანი.
რეაბილიტირდა, ბუნებრივი აირით და გათბობის სისტემით უზრუნველყოფილ იქნა სენაკის სასპორტო სკოლა, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაული ჭიდაობის დარბაზები; კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები; ასევე სენაკის ცენტრალურ სტადიონს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.