დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში ინვენტარი მიიღეს.
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის, ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, საღანძილის საბავშვო ბაღისთვის ყველა საჭირო ინვენტარი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ადგილობრივი ბიუჯეტიდან შეიძინეს.
„წელს ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელთა დაფინანსების მოპოვებაში დიდი წვლილი მიუძღვის ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს. ჩვენი გუნდისთვის სკოლამდელი განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა და წლების წინ დავიწყეთ ამ მხრივ ინფრასტრუქტურის განვითარება, ბოლო 7 წლის განმავლობაში, ხარაგაულში 12 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, მათ შორის ისეთ სოფლებში, სადაც ათწლეულების განმავლოაბში სკოლამდელი განათლების დაწესებულებები საერთოდ არ ფუნქციონირებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები სრულფასოვან, ადაპტირებულ და უსაფრთხო გარემოში იღებენ განათლებას.“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა, რომელიც საღანძილის ბაღში ინვენტარის მიღების პროცესს ბაღების გაერთიანების დირექტორ, მამუკა ჭიპაშვილთან, მერის წარმომადგენელ გოგა კიკნაძესთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატ დავით კიკნაძესთან ერთად, დაესწრო.
ბაღების გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის თქმით, თუ რეგულციები მოიხსნება და საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდება, საღანძილის საბავშვო ბაღი უკვე მზადაა მიიღოს აღსაზრდელები. „ახალ ბაღში 11 ადგილობრივი დასაქმდება. სწავლის პროცესი ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების რეკომენდაციების საფუძველზე განახლდება. პირველ ეტაპზე საღანძილის სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ერთი ჯგუფი ამოქმედდება, ხოლო სექტემბრიდან მაქსიმალურად მოხდება ბავშვების მობილიზება“- ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.
საღანძილის საბავშვო ბაღი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით აშენდა და მისი ღირებულება 700 000 ლარს შეადგენს.