იმერეთის რეგიონში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს აგრძელებს. სავაჭრო ცენტრების, აგრარული ბაზრებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემდეგ, საჯარო და კერძო სკოლები შემოწმდნენ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე, ქუთაისის პირველ საჯარო და შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლებში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასწავლო დაწესებულებებისთვის დადგენილი რეგულაციებისა და ბავშვების ჯანმრთელობის დაცულობის უსაფრთხოება პირადად შეამოწმეს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს ჰქონდეთ ისეთ გარემოში სწავლის შესაძლებლობა, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ეპიდემიის გავრცელების რისკი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ამ მიზნით, ჩვენ პერიოდულად აუცილებლად განვახორციელებთ მონიტორინგს, როგორც სკოლებში, ასევე საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ“ - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
„ქალაქ ქუთაისში ვაგრძელებთ სხვადასხვა ობიექტების გეგმიურ მონიტორინგს, მათ შორის არის საგნმანათლებლო უწყებებიც. სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად პირადად გავეცანი სკოლებში არსებულ სიტუაციას, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას დადგენილი ყველა სტანდარტი დაკმაყოფილებულია. ეს ის სავალდებულო რეგულაციებია, რომელთა დაცვაც ჩვენი პატარების ჯანმრთელობისა და ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით აუცილებელია“. - განაცხადა ბექა ფერაძემ.