პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განცხადებები გააკეთა. გიორგი გახარიამ ყურადღება გაამახვილა რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მისი თქმით, მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, ევროპაში „ლოკდაუნების“ რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის სერვისები მოხმარდეს ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება ევროპაში და გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებსაც უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავს მასობრივ გავრცელებასთან.
„ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ - ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდ-სასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა - ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მათ შორის მოქალაქეები, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე უფრო სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა“, - განაცხადა პრემიერმა.