ქუთაისის მერიამ დაზოგილი თანხები სოციალური მიმართულებებით გადაანაწილა.
ამ დღეებში, სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაციები, ქუთაისის მერიის მიერ საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ.
ჩვენ, როგორც ანგარიშვალდებულ და პასუხისმგებლიან ადგილობრივ თვითმმართველობას, გვსურს მოსახლეობას მივაწოდოთ სანდო და ზუსტი ინფორმაცია, ქუთაისის მერიის მიერ გაწეული და დაგეგმილი ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ.
საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მიზნით, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში ერთმანეთში არეულია 2020 წლის ფაქტობრივი და 2021 წლის გეგმური ხარჯები.
2020 წელს, ჯამურად, დაახლოებით 200 000 ლარის ადმინისტრაციული ხარჯი დაიზოგა, რაც სოციალური მიმართულებებით გადანაწილდა.
2020 წელს 65 000 ლარით შემცირდა სამივლინებო ხარჯები, ხოლო 65%-თ შემცირებულია წარმომადგენლობითი ხარჯები. გასულ წელს, წარმომადგენლობითი ხარჯებიდან დაფინანსდა ქორქია-საკანდელიძის სახელობის სტუმრების მომსახურება, ახალი კორონა ვირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით ქალაქ ქუთაისში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფების კვებითი მომსახურება. ასევე, შეძენილი იქნა კოვიდ 19-თან ბრძოლაში ჩართული ექიმებისთვის გადასაცემი საჩუქრები.
2021 წელს ქუთაისის მერიას არ გაუწევია არანაირი სარესტორნე ხარჯი და ტყუილია ინფორმაცია, რომ მერიის ხელმძღვანელი პირები რესტორნებს სტუმრობდნენ.
2020 წელს დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, როდესაც ქალაქში არ მოძრაობდა საქალაქო ტრანსპორტი, მერიის თანამშრომლებს უხდებოდათ მოქალაქეების კონკრეტული საჭიროებების მიხედვით უშუალოდ მისამართზე მომსახურება. მიუხედავად ამისა, საწვავის მოხმარება არ გაზრდილა და წინა წლების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს ემთხვევა. ამასთან, განვმარტავთ, რომ მერიის სტრუქტურული ერთეულების სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა პანდემიის მიუხედავად. შესაბამისად, ტყუილია ინფორმაცია გახარჯული საწვავის არამიზნობრიობის შესახებ.
თვითმმართველობის 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები არის მოსახლეობის სოციალური დაცვა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
გასულ წელთან შედარებით, ნახევარ მილიონზე მეტითაა გაზრდილი სოციალური პროგრამების ბიუჯეტი. ქალაქში ყველა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სერვისით, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 200 000 ლარი გამოიყო.
ბიუჯეტში გათვალისწინებულია 200 000 ლარიანი ფონდი ქალაქში პანდემიის წინააღმდეგ სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, ასევე, 40 000 ლარით დაფინანსდება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ონლაინ სწავლების მიზნით ინტერნეტ მომსახურების მიწოდება. 60 000 ლარით დაფინანსდება საგანმანათლებლო პროექტი სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის.
ქვეყანაში და ქალაქში პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა სოციალური გამოწვევის დასაფინანსებლად, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით გამოიყოფა სხვა რესურსები, პრიორიტეტების მიხედვით გამოთავისუფლდება ხარჯები, როგორც ეს თვითმმართველობამ გასულ წელს გააკეთა.
2021 წელს ქალაქი 4 მნიშვნელოვან საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებას მასპინძლობს. მსგავსი მასშტაბის და რანგის ღონისძიებებისათვის ბიუჯეტში გაწერილი ადმინისტრაციული ხარჯების მიზანია ქალაქის ისტორიული, ეკონომიკური, საინვესტიციო , კულტურული, ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
2021 წელს, ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის გამოყოფილია 310 000 ლარი და შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ მიმართულებით ქალაქი მილიონობით ლარს დახარჯავს, წარმოადგენს ტყუილს და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ქალაქში 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება. აღნიშნული თანხის მოცულობა და პროექტების ჩამონათვალი წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება.